მილიონ-მილიონ ლარს ბიუჯეტიდან მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“

Похожее изображениеსაქართველოს არჩეული პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს მიიღებენ,, წერს “კომერსანტი” . აღნიშნული დაფინანსება „საარჩევნო კოდექსის“ 56-ე მუხლითაა გათვალისწინებული, რომლის მიხედვით, მილიონ ლარს იღებს ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 10 %-იან ბარიერს გადალახავს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს, ხმების 38,64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით რეგისტრირებულმა გრიგოლ ვაშაძემ 37,74 %, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 10,97 % მიიღო.

ამავე დროს, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარის თქმას და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში განთავსებას გეგმავს.

საარჩევნო პროგრამაში ზურაბიშვილი საკუთარ ხედვას ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოდელთან დაკავშირებითაც წარადგენს და მიიჩნევს, რომ მისი, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინტენსიური კავშირი უნდა ჰქონდეს მოქალაქეებთან, დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში.

ახალი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლიდან ათონელის რეზიდენციაში გადასვლის საკითხზე მთავრობას საკუთარი გადაწყვეტილება ოფიციალურად ამ დრომდე არ გაუხმოვანებია, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განწყობები სალომე ზურაბიშვილის პოზიციასთან თანხვედრაში მოდის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა გადასახადის გადამხდელებს ბევრი არ უნდა უჯდებოდეს“.

ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლის რეაბილიტაციაზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სასახლეში გაპრეზიდენტების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი შესულიყო, თუმცა ის ავლაბრის რეზიდენციაში განთავსდა, რაც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებასთან“ უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

რამდენჯერმე დაიგეგმა ათონელის სასახლის პრივატიზაცია, თუმცა შენობა არცერთ შემთხვევაში არ გაიყიდა. საბოლოოდ, ის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს, თუმცა წლების განმავლობაში ფუნქცია ვერ შეიძინა და ამ დრომდე დაკონსერვებულია.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments