ნიკა რურუას გარდაცვალებაზე შსს–მ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა

Похожее изображениеნიკა რურუას გარდაცვალებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

ნიკა რურუა ასევე იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი, რომელიც 2006 წელს გაიხსნა.  2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა.

ნიკა რურუა 50 წლის იყო.

image_pdfimage_print

Comments

comments