“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ანგარიში

Похожее изображение“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლეებისა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია.

კვლევა ეხება საქართველოს მოსახლეობის ცოდნასა და დამოკიდებულებას სასამართლო სისტემის მიმართ,  კვლევის ფარგლებში გამოიკითხა  2000-მდე ადამიანი.  გამოკითხულთა მესამედზე მეტი უნდობლობას უცხადებს მოსამართლეებს და მიიჩნევს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემა არ შეცვლილა.

ასევე, მოსახლეობის უმრავლესობა  ნაკლებად არის ინფორმირებული სასამართლოში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ, მათ შორის მოსამართლეთა უფლებამოსილების იერარქიის შესახებ. რაც შეეხება, იუსტიციის საბჭოს, გამოკითხულთა უმრავლესობა საბჭოს არსებობის შესახებ ინფორმირებულია. გამოკითხულთა მესამედზე მეტის აზრით, საქართველოში მოსამართლეები სამართლიანები და პროფესიონალები არიან. საქართველოს მოსახლეობა სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს ნაკლებად მიიჩნევს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად. პირველ რიგში ასეთ საკითხად სიღარიბესა და უმუშევრობას ასახელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, კვლევის მეთოდიკასთან მიმართებაში ბევრი კითხვები არსებობს.

„ძალიან კრიტიკულად ვაფასებთ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში შეკითხვები იყო წარმოდგენილი ნეგატიურ კონტექსტში . ზოგადად, ნდობის საკითხი არა მარტო ჩვენთან, არამედ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშიც არის სასამართლოს მიმართ და ამაზე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთადაც ვსაუბრობთ. აღსანიშნავია, რომ გამოიკვეთა მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობა სასამართლოს სისტემის თაობაზე და ამ მიმართულებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.” – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments