"მიწების გასხვისების შეზღუდვას აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კონტექსტი"


otar danelia პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა აღნიშნავს, რომ კანონსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა არავინ დგას.

მისი თქმით, ორკვირიანი ვნებათაღელვა, რასაც საფუძველი დაუდო საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით, არ უნდა გახდეს ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი.

„მე ვარ ამ კანონის ერთ-ერთი ინიციატორი. გასხვისების შეზღუდვას აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კონტექსტი და ამას არ ჩავუღრმავდები ბევრი მიზეზის გამო. ნიშანდობლივია, რომ ეს შეზღუდვა აბსოლუტურად გაზიარებული იქნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ და ამიტომაც არ განვავრცობ. მიმხვედრი უნდა მიხვდეს. რა თქმა უნდა, უპირველესია ჩვენი ეროვნული ინტერესებიც. ამიტომ გაუგებარია, რას ემსახურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ახლა მიმდინარე პროცესების პროვოცირება”, – აცხადებს ოთარ დანელია.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ის უერთდება  საქართველოს იმ მოქალაქეების სულისკვეთებას,  რომლებიც სიღრმისეულად იაზრებენ არსებულ პოლიტიკას გასხვისების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა, მე, როგორც მოქალაქეს აბსოლუტურად მაქვს იმის უფლება, რომ გამოვთქვა ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც გამოთქვამს თავის გულისწყომას. ამავდროულად, მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და ჩემთვის უმნიშვნელოვანესია კანონის პატივისცემა და სასამართლოს გადაწყვეტილება რევიზიას არ ექვემდებარება.

გამოხატვის უამრავი ფორმა არსებობს. ნებისმიერმა გამოხატვამ ხელი არ უნდა შეუშალოთ იმ ადამიანებს, რომლებთან ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ეს არის დემოკრატიული ნორმა, ეს არის კანონის უზენაესობის პატივისცემა”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

 

დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა მხარდამჭერებთან ერთად საკონსტიტუციოს მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შეზღუდვაზე, რაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.  “აჭარის ტელევიზიის” ცნობით, აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციები დააანონსეს.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ  ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.

10 დეკემბერს მიწების უცხოელებზე გასხვისების მოწინააღმდეგეები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ, რათა არ დაეშვათ  მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დარეგისტრირება. აქციის გამო გუშინ თბილისის იუსტიციის სახლი შეფერხებით მუშაობდა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და მათ მოთხოვნებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  10 დეკემბერს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა.

აქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შსს-მაც, რომლის ფარგლებშიც აქციის რამდენიმე მონაწილე გამოკითხვაზე დაიბარეს.