“აუცილებელია ვიმუშაოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაზე“


apaturaiკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართა. 

„ჩემი ჩამოსვლის უმთავრესი მიზანია იმ პოზიტიური პოლიტიკური დინამიკის შენარჩუნება, რაც ნატოსა და საქართველოს შორის არსებობს, აგრეთვე ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გამართული ნატოს მინისტერიალის შედეგების შეჯამება და მომავალი წელს ერთობლივი სამოქმედო გეგმების განსაზღვრა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს მინისტერიალზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილსა და მოწოდებაზე, ამ გზაზე მიმდინარე რეფორმების გატარების თაობაზე და იმ კონტრიბუციებზე რასაც საქართველო გასწევს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკმაოდ ძლიერი განცხადებები გააკეთა.

დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მჯერა რომ მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ ნატო-ს საქართველოში უმაღლეს დონეზე. ამასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია ვიმუშაოთ კონკრეტულ შედეგებზე, მაგალითად საქართველოში ეფექტური რეფორმების გატარებაზე და დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაზე“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ.

გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში 12 დეკემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. ჯეიმს აპატურაი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

“ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჯეიმს აპატურაის ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველოსთან ურთიერთობა. ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ბოლო მინისტერიალზე გაჟღერებული საკითხები იყოს განხილული ასევე მომავალის პერსპექტივაში. ვისაუბრეთ 2019 წლის გეგმებზე. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით.

აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს პრაქტიკული ინსტრუმენტების შესრულების თვალსაზრისით და ასევე ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. პოზიტიურად იყო შეფასებული ჩვენი მონაწილეობა ნატოს ბოლო მინისტერიალში. ჩვენი მხრიდანაც მაღალი შეფასებები მიეცა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებებს, რომელიც გააკეთა საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. მისი გამონათქვამი, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს მზადებას ალიანსში გაწევრიანებისთვის, არის მნიშვნელოვანი გზავნილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.