კვლევა: კომუნალურების გადასახდელად მოსახლეობის თითქმის 40% ფულს სესხულობს


Похожее изображениеორგანიზაციამ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) თემაზე – ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში, კვლევა ჩაატარა, რომელიც იმ საკითხების ანალიზს მოიცავს, სადაც აღნიშნული პრობლემა იკვეთება. 

კვლევაში საქსტატის, ასევე სხვადასხვა ფოკუს ჯგუფების მონაცემებზე დაყრდნობით მოცემულია მონაცემები, რომელიც ენერგეტიკული რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის შესაძლებლობებს ზომავს. ერთ-ერთი მათგანი კომუნალური დანახარჯების გადასახდელად ფულის სესხების სიხშირეს ეხება.

როგორც WEG-ის კვლევაში, „კავკასიის ბარომეტრის“ 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით წერია, კომუნალურების გადასახდელად მოსახლეობის თითქმის 40% ფულს სესხულობს, სხვადასხვა პერიოდულობით. კერძოდ, ამ გზით კომუნალურ გადასახადებს ყოველთვიურად მოსახლეობის 8% ფარავს, ყოველ მეორე თვეს – 6%, უფრო იშვიათად კი – 24%.

რაც შეეხება დეფინიციას – ენერგეტიკული სიღარიბე, ორგანიზაცია განმარტავს, თუ რომელ საკითხებში ვლინდება ეს პრობლემა.

  1. „არსებული სუბსიდირების სქემების და დაზოგვის მეთოდების მიუხედავად, მაღალია ენერგეტიკული დანახარჯების წილი მთლიან შემოსავლებში. გადახდის ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ზამთრის თვეებში;
  2. მოსახლეობის 99%-ისთვის ელექტროენერგია ხელმისაწვდომია, 68%-ისთვის კი გაზი, თუმცა რეგიონებში პრობლემას წარმოადგენს ძაბვის ცვალებადობით გამოწვეული ზარალი და გაუმართავი ინფრასტრუქტურა (ელექტრო სადენები და ბოძები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებას);
  3. ენერგეტიკული სიღარიბის არსებობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბალი ენერგოეფექტიანობის მქონე შენობები, რომლებიც ენერგიის ფლანგვას და კომფორტის დაბალ დონეს განაპირობებს;
  4. არსებული ფულადი დახმარების სქემები გარკვეული ხარვეზების მატარებელია და არ არის გამიზნული გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგეტიკული სიღარიბის შემცირებისაკენ“, – ნათქვამია WEG-ის კვლევაში.

bm.ge