ცოტნე გამსახურდია:"მოწმეთა ჩვენებები და ოქმები ცხადყოფს, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს"


ცოტნე გამსახურდია - მთავარ პროკურატურას მიზეზთა ერთობლიობით უნარი არ აქვს, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე გამოიძიოსმთელი რიგი მიზეზების გამო და ამ მიზეზთა ერთობლიობით, ფაქტია, დღეს, მთავარი პროკურატურა უნარიანი არ არის და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება მას უბრალოდ, არ შეუძლია, – განაცხადა ზვიად გამსახურდიას შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ “პირველი არხის” გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივება მისასალმებელია, მაგრამ თუ ეს იქნება უბრალოდ, გახანგრძლივება გახანგრძლივებისთვის, სჯობს, ეს საქმე დახურონ.

„თუ ასე იქნება, სჯობს, ეს საქმე დახურონ, ვიდრე კიდევ ხუთი წელი ვიწვალოთ და ამ საქმიდან მოწმეებიც გაქრნენ, საზღვარგარეთ გაიქცნენ ან დაიხოცონ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა გახლავთ ამ საქმეზე პოლიტიკური ნების გამომჟღავნება, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. დღეს, პოლიტიკური ნება პირიქით არის, რომ ეს საქმე მიიჩქმალოს, გაფუჭდეს და მოკვდეს“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

მისი თქმით, ცხედრის ვიზუალური დათვალიერების ოქმები და მოწმეთა ჩვენებები ცხადყოფს, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა და მისი უახლესი ისტორიის გადმოცემა, ისევე, როგორც ის სისტემა, რომელსაც ახლა ებრძვის, სიცრუეზე, სიყალბეზე, სიბინძურეზე დგას და ამიტომ არის, რომ 30 წელია ფაქტობრივად, ერთი და იგივე წრეზე დავდივართ.

ცოტნე გამსახურდიამ გადაცემაში სტუმრობისას დევნილობაში გატარებული წლებიც გაიხსენა.

https://www.youtube.com/watch?v=zSgWqJQqoVQ