იანვრიდან ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები განახევრდება


Картинки по запросу სერგეენკოოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იანვრიდან ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება. 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი რჩება მათთვის ყველაზე დიდ გამოწვევად და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი რჩება ყველაზე დიდ გამოწვევად. საკუთრივ ფარმაცევტული ბაზარი ძალიან დიდია, ნახევარ მილიარდზე მეტია და ამ მედიკამენტების ყველაზე მეტი მომხმარებლები არიან ასაკოვანი ადამიანები, რადგანაც ქრონიკულ დაავადებებს ასე ახასიათებს. რა შეუძლია სახელმწიფოს, გააკეთოს. ერთია, რომ გაზარდოს ბიუჯეტი და შეუმციროს ამ ადამიანებს წამლები. ნახევარი მილიარდის დამატების ბიუჯეტი უბრალოდ არ გვაქვს და მეორე – თუკი ადამიანები აფთიაქში მისვლისას, დავუშვათ წელიწადში ჯამურად 400 მილიონს ხარჯავენ, სახელმწიფოს თავისი ინტერვენციით, უფრო ხარჯეფექტური შესყიდვით, მწარმოებელთან მოლაპარაკებით და ადგილობრივი მწარმოებლის ხელშეწყობით, შეუძლია, ეს ხარჯი რეალურად მეოთხედამდე ჩამოიყვანოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

2017 წელს დაიწყო პირველი ეტაპი, როდესაც სოციალურად დაუცველებს ძალიან მკაფიოდ შერჩეული კრიტერიუმებით, შერჩეულ 23 მედიკამენტზე გაუჩნდა წვდომა თვეში ერთ ლარად, რომელიც ფარავდა ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრს.

„2018 წლის სექტემბერში ჩამონათვალს დაემატნენ პენსიონრები და შშმ პირები. ადამიანები, რომლებიც არ შედიოდნენ ამ ჯგუფებში, დიაბეტის მეორე ტიპის წამალზე მნიშვნელოვნად გაეზარდათ წვდომა, ფასები შემცირდა. ეს ჩამონათვალი უკვე გაფართოვდა. წლის ბოლოდან დაემატება და გაიზრდება 30-მდე, რაც ნიშანდობლივია. ორი საკმაოდ გავრცელებული და ფინანსურად ძალიან მტკივნეული დაავადებებისთვის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება. ეს მოხდება წლის ბოლოს, პრაქტიკულად იანვრიდან“, – აღნიშნა დავით  სერგეენკომ.

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ის ვრცელდებოდა ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირზე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით. მიმდინარე წლის აგვისტოდან შეღავათებით სარგებლობა ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს შეუძლია, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საჭირო მედიკამენტები ნახევარ ფასად იყიდონ.

3 სექტემბრიდან პროგრამა კიდევ ერთხელ გაფართოვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ასაკით პენსიონრებსაც შეუძლიათ. პროგრამა ოთხი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ვრცელდება (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი).