პრემიერმა 2018 წელი შეაჯამა (ვიდეო)

Картинки по запросу mamuka baxtadzeსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გასული წლის შედეგები შეაჯამა და ყურადღება ეკონომიკის  განვითარებაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ  ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რომელიც საბოლოო ჯამში სიღარიბის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებასა და დაძლევას შეუწყობს ხელს. მისი შეფასებით, მთლიანობაში 2018 წელი პოზიტიური იყო.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომელთა დიდი ნაწილი შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს. ჩვენ გვაქვს სიღარიბის პრობლემა საქართველოში, რომლის გამომწვევი წყარო რამდენიმეა. მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მცირეა. ეს მათ შორის უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური მოდელი და მოქმედი წესები ზღუდავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საშუალებას. ჩვენი ახალი საბაჟო კოდექსი, სასტარტო კაპიტალის რეფორმა, დაზღვევის ინსტრუმენტები, რომელიც ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები ორიენტირებული იქნება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში უფრო მეტი სამუშაო ადგილის გენერირებაზე – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მომავალში საგადასახადო პოლიტიკა იქნება მაქსიმალურად ლიბერალური,  წარდგენილია მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც ჯარიმების და საურავების დაწესების „დრაკონული წესების“ შეცვლას გულისხმობს. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა დღგ-ს დაბრუნების რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ელექტრონულ რეჟიმში ამოქმედდება.

„ჩვენი ბაზარი საკმაოდ მცირეა, რათა ბიზნესმა შეძლოს აქტიური განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ამოცანად დარჩება გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტურად ინტეგრირება. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ ლოგისტიკა, რომელიც ჯერ კიდევ მსხვილ ხარჯად რჩება ჩვენი მეწარმეებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი არსებობს.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა,  საქართველოს წინაშე რჩება ორი უმძიმესი გამოწვევა – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე.

„ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო და არ გაჰყავს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან.

ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი მისწარაფებების რეალიზებისთის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ასე ახლოს ევროპულ ოჯახთან და ნატო-სთან არასდროს ყოფილა. ვეცდებით, რომ 2019 წელს ეს მიღწევები გავხადოთ კიდევ უფრო თვალსაჩინო და მოვახდინოთ ამ მიღწევების კონვერტაცია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2018 წელი ასევე ნაყოფიერი იყო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

image_pdfimage_print

Comments

comments