აფთიაქებში პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი ხვალიდან შეივსება


Картинки по запросу tamifluდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს განაცხადებით, ქვეყანაში ხვალ „ტამიფლუს“ საკმაოდ დიდი პარტია შემოდის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.  მისი თქმით, პრეპარატის დეფიციტი ქვეყანაში არ არის და აღნიშნა, რომ გუშინდელი მონაცემებით, „ტამიფლუს“ 750 კოლოფი დაიხარჯა.

„გუშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 750 კოლოფი „ტამიფლუ“ დაიხარჯა. იცით, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვაქვს, რომელიც ექიმის „ფორმა ასისა“ და რეცეპტის საშუალებით გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე.

ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფებზე, გულსისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის, დიაბეტითა და ასევე ონკოლოგიური დაავადებებით ავადმყოფებზე ექიმის დანიშნულებით „ტამიფლუ“ გაიცემა უფასოდ. ამ თვალსაზრისით, დეფიციტი ქვეყანაში არ არის. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, იცით, რომ სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა წამალი აფთიაქებზე და დეფიციტი აფთიაქებში არ უნდა იყოს. ხვალ ქვეყანაში „ტამიფლუს“ საკმაოდ დიდი პარტია შემოდის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ვფიქრობ, ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გრიპის ვირუსის გამო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გადადიო. თსუ-ში სწავლა 21 იანვარს განახლდება.  შესაბამისად, თსუ-ში საგამოცდო პერიოდები და სააუდიტორიო მეცადინეობები შეიცვალა.

გრიპის ვირუსის გამო სწავლა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლა 1 კვირით გადაიდო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში პანიკის საფუძველი არ არსებობს,  სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე რეკომენდაციას განათლების სამინისტროს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად მისცემენ.

„სკოლა და ბაღი რომ დაიხურება, ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე? სკოლისა და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსის 256 შემთხვევაა. ჯერ ავადობის შემცირების ტენდენცია არის, დავაკვირდებით ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია“, – განაცხადა იმნაძემ.