სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ქართულ დიასპორას და სტუდენტებს შეხვდა


სალომე ზურაბიშვილისაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეს დაიწყებს.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები. სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთანაც. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგი.

დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპარლამენტში.

ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უახლოესი დღეების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან. ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანისთან, ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს გუშინ ეწვია. მაღალი რანგის შეხვედრებამდე, სალომე ზურაბიშვილი ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ასევე გაიმართა ქართულ დიასპორასთან.

სტუდენტები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ და სალომე ზურაბიშვილს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ.

ქართულ დიასპორასთან  გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა და გააჟღერა ინიციატივა პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიასპორასთან შეხვედრაზე დაისვა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ბელგიაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, მათ შორის იყო ორმაგი მოქალაქეობის თემაც.