თბილისში 19 საფეხმავლო ხიდის მაგივრად ზებრა–გადასასვლელი მოეწყობა


Похожее изображениеთბილისში არსებული 38 საფეხმავლო ხიდიდან 19-ის დემონტაჟი განხორციელდება და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.

როგორც მერმა აღნიშნა, დღესდღეობით, ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებს როდესაც ვახორციელებთ, დიდი ყურადღება ეთმობა ქვეითად მოსიარულეთათვის განსაზღვრულ ადგილებს, მათ მოწესრიგებასა და ე.წ. ზებრა გადასასვლელებს. ამ სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, მოგვიწევს არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელია. არ არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი, შარტავაზე, მერიის წინ ხიდი სრულიად უფუნქციოა. საჭიროა ხიდების დემონტაჟი განვახორციელოთ ყველა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს დაავალა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყონ.

„ყველგან, სადაც სამუშაოებს ვახორციელებთ, მაქსიმალური ყურადღება ეთმობა ქვეითთა უსაფრთხოებას და კომფორტს. ამიტომ, მინდა, დავავალო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს, ერთობლივად დაიწყოს ამ ხიდების დემონტაჟი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.