ფარული ჩანაწერების ომი გრძელდება

Похожее изображениеსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.  აღნიშნული პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, დაკავებულია 16 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის – მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე მისი შენახვა, რაც თავისუფლების 4-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთით ისჯება.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, –განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ნაცმოძრაობის ოთხი აქტივისტი დაიბარეს გამოკითხვაზე. მათგან ორმა მამაკაცმა გამოკითხვის შემდეგ სამმართველო დატოვა. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, დავით გეგიაძის განცხადებით, ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით სავარაუდოდ, მათი ორი აქტივისტი  დაკავებულია. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ჩანაწერის გავრცელება ემთხვევა „ქართული ოცნების“ შიგნით გარკვეულ უკმაყოფილებას, რაც ეჭვის საფუძველს აჩენს. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ არავინ უნდა ინახავდეს მსგავს  კადრებს, არამედ  პოლიციას უნდა  მიაწოდონ.

„ყველას მინდა ვუთხრა, არ შეინახონ კადრები, შეატყობინონ პოლიციას და არ შეუწყონ ხელი მის გავრცელებას. ეს არის საუკეთესო პრევენცია, მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ იყოს ეფექტიანი, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფოს მოვუწოდებ, რომ რეალური რეაგირება მოახდინოს და ვიღაც მესამე რიგის გამავრცელებლებს არ შეაწმინდოს ხელი“, – განაცხადა კახიძემ.

ფარული ჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრები დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

image_pdfimage_print

Comments

comments