თბილისის მეტროში ვაგონების ახალი შემადგენლობა იმოძრავებს


Картинки по запросу მეტრო თბილისიდღეიდან თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დამატებით ერთი ოთხვაგონიანი, ხოლო მეორე (საბურთალოს) ხაზზე სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს. ორ კვირაში ორივე ხაზს კიდევ თითო მოძრავი შემადგენლობა დაემატება.

ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და დამონტაჟდა კონდიცირების თანამედროვე სისტემა. კაბინები ასევე აღიჭურვა მართვის თანამედროვე პულტით, შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი.  ვაგონებში ასევე განთავსდა სპეციალური მონიტორები და განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები, რაც ითვალისწინებს მოძრავ შემადგენლობებს შორის უსაფრთხო ინტერვალის პრინციპს. 2019 წელს 27 ვაგონის მოდერნიზება იგეგმება.

თბილისის მერის თქმით, მეტროში ახალი ვაგონების დამატებით მოცდის დრო ორ წუთნახევრამდე უნდა შემცირდეს, 2019 წლის ბოლომდე კი, ავტობუსების პარკის მთლიანად განახლებაა დაგეგმილი.

„გვინდა, 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად ჩავანაცვლოთ ავტობუსების პარკი, შემოვიყვანოთ ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები. ასევე იგეგმება მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და სადგურების მოწესრიგება, რომელიც მართლაც, ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენი მიზანია, შევამციროთ მოცდის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25%-ით არის გაზრდილი მგზავრთა რაოდენობა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა ქალაქში იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.