პრემიერი: "საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული,განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს"


Картинки по запросу baxtaZeპრემიერ–მინისტრმა განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი ახალ რეფორმაში იქნება მასწავლებლის ადგილი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი. ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება.

მამუკა ბახტაძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას.

„უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო;  განხორციელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი ორნახევარჯერ ამ მიმართულებით.

მე ნამდვილად არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის.   განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე  ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით”- აღნიშნა პრემიერმა.

მამაუკა ბახტაძის განმარტებით,  განათლება და მეცნიერება კომპლექსური სისტემაა და ბევრი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება, რომელიც  ფუნდამენტურ და მასშტაბურ მიდგომას მოითხოვს. რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები, განათლების სფეროს სპეციალისტები,ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, USAID-ი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი.

მთავრობის მეთაურმა  უმაღლეს განათლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა – მთავრობის მიზანია ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია.

„ჩვენ გვაქვს განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ცენტრად საერთაშორისო ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის, ტრანსპორტისთვის და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია განათლებისთვის.

პროფესიული განათლება  და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემოგვაქვს სისტემა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, ახალი პროფესიის შეძენაში, თვითრეალიზაციასა და განვითარებაში”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.