2019 წლის იანვარში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5,9 %-ით გაიზარდა


Похожее изображениеსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305 939 შეადგინა, რაც 17 061-ით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

შესაბამისად, ზრდამ 5,9 პროცენტი შეადგინა. ინფორმაცია ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

იანვარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: პოლონეთი +130.5%, ჩეხეთი +96%, ესპანეთი +65.1%, ლატვია +63.5%, გერმანია +46.6%, ლიეტუვა +40.8% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +217.1%, ისრაელი +132.1%, ყირგიზეთი +112%, ჩინეთი +72.8%, საუდის არაბეთი +72.7% და სხვა.

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს 498 მილიონი დოლარით, ანუ 18.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.