მართვის მოწმობის შეცვლის გამო მომსახურების სააგენტო სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს


Картинки по запросу водить машинуშსს–ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის გამო, მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.

“მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო საათების რაოდენობა დღეიდან გაიზრდება და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D, და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტომ ექვსი თვით გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობების შეცვლის ვადებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოახდინა მოქალაქეთა ინფორმირება და არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. მათ შორის, ყველა ფიზიკურ პირს, რომლის სახელზეც ირიცხება ამ კატეგორიის მართვის მოწმობა, კუთვნილი მობილურის ნომერზე გაეგზავნა პირადი შეტყობინება. ასევე, ყველა იურიდიულ პირს, რომლის მფლობელობაშიც იყო ამ კატეგორიების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები, გაეგზავნა ოფიციალური წერილი.

მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში ამ კატეგორიის მართვის მოწმობები ყოველდღიურ რეჟიმში იცვლებოდა, მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო დღეებში, რის გამოც სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.

აქვე გვსურს შეგახსენოთ, რომ ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს ვისაც BC, BD,BCD კატეგორიები და ქვეკატეგორიები აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნული მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცვლას 1 მარტის შემდეგაც უგამოცდოდ შეძლებენ“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.