საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა

Похожее изображениеსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, საჯარო სამსახურის ბიურო შეეცდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კვლავაც საჯარო სივრცეში მოიძიოს სამუშაო ადგილები.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კანონმდებლობით განისაზღვრა 60 საშტატო ერთეული. შესაბამისად, 2018 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება, რომლის მიხედვითაც, ასეთი შემცირებული რაოდენობის საშტატო ერთეულის პირობებში, ადმინისტრაცია შეძლებდა იმ ვალდებულებების განხორციელებას, რაც მათ კანონმდებლობით ევალებათ. მოხდა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის ინფორმაციით, 15 იანვარს დაიწყო მეორე ეტაპი, რომლის დროსაც მოხდა მოქმედ თანამშრომლებთან გასაუბრება, რადგან ისინი სარგებლობენ უპირატესობით და პირველ რიგში, მათთან მოხდა შეთავაზებების გაკეთება.

„ამ მეორე ეტაპზე 61 თანამშრომელი გადავიდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ისინი რჩებიან ადმინისტრაციაში, იღებენ კუთვნილ შრომით ანაზღაურებას. ამავე დროს, მათ შესახებ ინფორმაცია უკვე გადაგზავნილია საჯარო სამსახურის ბიუროში, რომელიც ეცდება,  ერთი თვის განმავლობაში, ბუნებრივია, საქართველოს მასშტაბით, კვლავაც საჯარო სივრცეში მოიძიოს მათი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის შესაბამისი პოზიციები. მოხდება შეთავაზებები. ისინი, ვინც მიიღებენ ამ შეთავაზებებს და დათანხმდებიან, ბუნებრივია, გადავლენ ახალ სამსახურებში, ხოლო ყველა, ვინც საკუთარი სურვილით არ დათანხმდება, ან არ მოიძებნება მათი შესაბამისი კომპეტენციის პოზიცია, მიიღებენ კიდევ ერთი თვის თანამდებობრივ სარგოს კომპენსაციის სახით”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, თერთმეტი თანამშრომელი ამჟამად დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება და კანონმდებლობის შესაბამისად, ისინი ადმინისტრაციის თანამშრომლებად რჩებიან.

image_pdfimage_print

Comments

comments