ცხოველის და ფრინველის წამებისთვის სასჯელი ზომები მკაცრდება

ცვლილებების მიხედვით, ცხოველისა და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმდება. არასათანადო მოპყრობა გულისხმობს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

კანონში ასევე იგეგმება რომ ჩაიდოს ნორმა, რომელიც არასრულწლოვნის მიერ ცხოველისა თუ ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს დაარეგულირებს. კერძოდ, არასრულწლოვნის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კოდექსს ემატება მშობლის პასუხისმგებლობა – არასრულწლოვანის მშობელი ან მისი შემცვლელი შესაძლოა 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდეს.

ცვლილებები იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსშიც. კერძოდ, ცხოველის მოკვდინება “ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული აღარ იქნება და სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვლება.

კერძოდ, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის წესით დასჯას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 1-წლიდან 2-წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

“დღეის მდგომარეობით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის ჯარიმის ოდენობა არის შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობა (40 ლარი). შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლის დარღვევისათვის გამოვლენილი სამართალდარღვევათა რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2015 წელი – 2 შემთხვევა; 2016 წელი – 0; 2017 წელი – 0; 2018 წელი – 3 შემთხვევა. “სისხლის სამართლის კოდექსის” 259-ე მუხლის დარღვევისათვის გამოვლენილი დანაშაულის რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2015 წელი – 19 შემთხვევა; 2016 წელი – 15 შემთხვევა; 2017 წელი – 23 შემთხვევა; 2018 წელი – 58 შემთხვევა”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments