“მზად ვართ, საქართველოსა და რუსეთს დავეხმაროთ კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში”

ლუკაშენკობელარუსს საქართველოსთან არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური პრობლემები არ აქვს და მზად ვართ, ჩვენი კეთილი ურთიერთობები გამოვიყენოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რასაც, სხვათა შორის, ვაკეთებთ კიდეც, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პირველი არხის შეკითხვაზე, როგორ ვითარდება ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და რა არის მოსალოდნელი სამომავლოდ, ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსმა და საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობები ნულიდან დაიწყეს და ახლა ვაჭრობა რამდენიმე ათეული მილიონს უტოლდება.

„ჩვენ თქვენთვის მეგობარი სახელმწიფო ვართ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. საქართველოსთან ტვირთბრუნვა საერთოდ არ გვქონდა და ახლა ეს მაჩვენებელი 87 მილიონს აღწევს. ქვეყანა პატარაა, ბაზარი პატარაა, მაგრამ ჩვენ თანამშრომლობა ნულიდან დავიწყეთ. თქვენ გჭირდებათ ყველაფერი, რასაც ვაწარმოებთ.

მე ვიყავი საქართველოში, ვნახე ქვეყანა როგორ ვითარდება და ვნახე, რომ ჩვენ პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია. საქართველოსთან არავითარი პრობლემა არ გვაქვს, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური. ჩვენი კეთილი ურთიერთობები მზად ვართ გამოვიყენოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რასაც, სხვათა შორის, ვაკეთებთ კიდეც“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკო ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ყოველწლიურ შეხვედრას მართავს სახელწოდებით „დიდი საუბარი პრეზიდენტთან.“

 1tv.ge
image_pdfimage_print

Comments

comments