სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო მიწის უპირატესი შესყიდვის უფლება ექნება

Похожее изображениеსახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო მიწის უპირატესი შესყიდვის უფლება ექნება – შესაბამის ცვლილებებს “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს.

აღნიშნული პროექტი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შედის, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობისა და საკუთრების ნორმებს აწესრიგებს. პროექტის ავტორი აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ოთარ დანელიაა.

კანონის მიხედვით, თუ სასოფლო სამეურნეო მიწის მფლობელს ქონების გაყიდვა სურს, ამ მიწის შეძენის უფლება პირველ რიგში სახელმწიფოს ენიჭება. კანონპროექტი განმარტავს, რომ უპირატესი შესყიდვის უფლება მოქმედებს “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების” შემთხვევაში, თუმცა, რა იგულისხმება ამაში პროექტში განმარტებული არ არის.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება ნიშნავს სახელმწიფოს უფლებას, შეიძინოს მიწის ნაკვეთი მესაკუთრისგან იმ ფასად და იმავე პირობებით, რომლებითაც მესაკუთრე ამ ქონების მესამე პირისათვის მიყიდვას აპირებს”,- ნათქვამია კანონში.

სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის შემთხვევაში უპირატესი შესყიდვის უფლებით ისარგებლებენ ასევე მიწის თანამესაკუთრეები. უპირატესი შესყიდვის უფლებით ასევე სარგებლობს კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოიჯარე, თუ იჯარის უფლების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.

“პირი უფლებამოსილია გაასხვსოს მესამე პირზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი, თუ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირი უარს განაცხადებს უფლების გამოყენებაზე ან კანონით დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება სურს, ვალდებულია უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს გაუგზავნოს შეტყობინება დაზღვეული წერილით ფოსტის მეშვეობით საქართველოში არსებულ მისამართზე ან, შეტყობინების ჩაბარების განსხვავებულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. შეტყობინებაში მითითებულ უნდა იქნეს ნასყიდობის საგანი, ნასყიდობის ფასი, ანგარიშსწორების ვადა და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შესახებ ინფორმაცია. უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა არ უნდა იყოს 20 კალენდარულ დღეზე ნაკლები, რათა გონივრულ ვადაში შეძლოს უფლების რეალიზება ასეთი დაინტერესების არსებობის შემთხვევაში”,- ნათქვამია კანონპროექტში.

bm.ge

image_pdfimage_print

Comments

comments