"უპრეცედენტო ინვესტიცია დააჩქარებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას"


დღესПохожее изображение  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალ ინიციატივაზე „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ ვრცლად  ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძლიერი განათლების სისტემა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა.

მისი თქმით, მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო, კეთილდღეობის მაღალი სტანდარტით.

„დღეს, როდესაც ჩვენს სახელმწიფოს დასახული აქვს ამბიციური მიზანი, გახდეს დასავლური სივრცის – ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, შინაარსობრივად დაუახლოვდეს სახელმწიფოებრივი განვითარების დასავლურ სტანდარტებს, განათლების სისტემისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხოლოდ ძლიერი ადამიანური კაპიტალის პირობებში შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოება. განათლება არის სულიერად ძლიერი, ტრადიციების ერთგული და წინსვლაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება.

გასული საუკუნის 90-იანი წლების სირთულეებმა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას მძიმე დაღი დააჩნია. ეს პრობლემა აისახა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროსა და ასპექტზე. წარმოიშვა ადამიანური კაპიტალის უკიდურესი დეფიციტი, მოიშალა საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, მძიმე პრობლემები შეექმნა ქართულ ეკონომიკას, “– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ  ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დღეს გახმოვანებული ინიციატივა განათლებას აქცევს ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად, რაც საუკეთესო პასუხი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

„ჩვენს მიერ გამოცხადებული გეგმა, მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 6 %–დე გაიზარდოს სახელმწიფოს მიერ განათლებაში ყოველწლიურად ჩადებული ინვესტიციის მოცულობა, არის ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სისტემის სწრაფ განვითარებას როგორც სკოლამდელი და ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურზე.

მხოლოდ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის საფუძველზეა შესაძლებელი განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტის, სასწავლო პროგრამებისა და პედაგოგების კვალიფიკაციის სწრაფი დაახლოება დასავლურ სტანდარტებთან. უპრეცედენტო ინვესტიცია დააჩქარებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას.

ეს გადაწყვეტილება გარდატეხას შეიტანს სახელმწიფო მმართველობის, პოლიტიკური სისტემის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართული ეკონომიკის განვითარებაში, დააჩქარებს სიღარიბის საბოლოოდ დაძლევას და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის მაღალი სტანდარტით მოსახლეობის უზრუნველყოფას. ეს ინიციატივა ბავშვებსა და ახალგაზრდებს შეუქმნის თვითრეალიზების უპრეცედენტო შესაძლებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი, აქტიურად ჩაერთვება იმ გეგმის შემუშავებაში, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დასახული მიზნის მიღწევას. ახალი ინიციატივის – „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენის ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. სტუმრებს პრემიერთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე თბილისის მერმა, კახა კალაძემაც მიმართეს.