"სამწუხაროა, რომ მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთში, „სამხრეთ ოსეთში“ და აყენებენ საკითხს, თითქოს ეს მსგავსი კონფლიქტებია"


 საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე  ქართულ–სომხურ ურთიერთიბებს შეეხო და განაცხადა, რომ ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ და აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები, რაღაც სიმეტრიას ეძებენ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარლამენტების თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში.

„თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონფლიქტები ალბათ ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას.

როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენთვის მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, აღიარებული არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად.

ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხსაც შეეხო, რომელიც გადაცემულია რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, რაც კანონის შესაბამისად, ასევე, ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა.

,,ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში. ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა.

საამწუხაროდ, ახსენეთ თქვენ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებაში არსებობს ჟენევის ფორმატი,  რომლებიც მეტნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში.

მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ.