ავსტრალიაში საქართველოს ელჩი: ფოტოების ავთენტიკურობის შესახებ ცნობა არ გაგვაჩნია

Похожее изображениеქართულ მხარეს ახალ ზელანდიაში ტერაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტოებზე ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, – ამის შესახებ ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი დოლიძემ ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.

„ერთადერთი კომენტარი რაც შემიძლია ამ ეტაპისთვის წარწერებთან და მჭიდებთან დაკავშირებით გავაკეთო, არის ის, რომ ქართულ მხარეს ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. ამ ეტაპზე გამოძიება არ დაგვკავშირებია. წარწერებთან დაკავშირებით კომუნიკაცია გამოძიების პრეროგატივაა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს, არ გაგვაჩნია არანაირი ოფიციალური ინფორმაცია, რომ ეს წარწერები ავთენტურია და ნამდვილად იყო იმ მჭიდებზე. შესაბამისად, არანაირი კონტაქტი ამ საკითხზე არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი დოლიძემ.

როგორც გიორგი დოლიძემ განაცხადა, ქალაქ კრაისტჩერჩში თავდასხმის შემდეგ საქართველოს საელჩო ახალი ზელანდიურ მხარეს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის არ დასტურდება ინფორმაცია, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ.

„24-საათიან რეჟიმში ვკონტაქტობთ პარტნიორებთან. საქართველოს მოქალაქეებისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი“, – განაცხადა გიორგი დოლიძემ.

ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. ათეულობით  კი, დაიჭრა. ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა. ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა, ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტო, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყება უკვე თანამშრომლობს ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერების ფაქტზე ქართული მხარე სტრატეგიულ პარტნიორებთან.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments