"ცქიტიშვილის დამახინჯებული განცხადებები ინვესტორებს ზიანს აყენებენ”


Похожее изображение„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საქართველოს პარლამენტის 21 მარტის პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  მინისტრმა გააკეთა არაერთი მცდარი, არაობიექტური და დამახინჯებული განცხადება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გუნდის მტკიცებით, ისინი სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებენ, რომ  ეს    ქვეყნისთვის დიდი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის პროექტია, ასევე არის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ქვეყანას სრულიად ახალი, სრულფასოვანი ფუნქცია შესძინოს და აქციოს ის აღმოსავლეთ-დასავლეთ კარიბჭედ მსოფლიოს ამ ნაწილში.

“სამწუხაროდ, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მხრიდან გაკეთდა არაერთი მცდარი, არაობიექტური და დამახინჯებული განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს როგორც ამ დიდი მნიშვნელობის პროექტს და მისი მშენებლობის პროცესს, ასევე იმ საერთაშორისო ინვესტორებსა და დონორებს, რომელთაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ პორტის მშენებლობაში, აიღეს რისკი და აფხაზეთთან ახლოს, კონფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში განახორციელეს სოლიდური ინვესტიცია; ეს განცხადებები რეპუტაციას ულახავს და აკნინებს იმ უცხოელ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კვლავ მზად არიან გააგრძელონ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ილახება და ზიანდება სახელმწიფოს ინტერესები და ეჭვქვეშ დგება მისი, როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის რეპუტაციაც. – ნათქვამია განცხადებაში.

კონსორციუმშის გუნდის თქმით,  მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოთხ ყველაზე ცნობილ და ჩვენი ქვეყნის მთავარ დონორ ბანკებთან (EBRD, OPIC, ADB, AIIB) და სწორედ ამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ხელისუფლების შორის 8 პუნქტიან შეთანხმებაზეა დამოკიდებული პროექტის ფინანსური დახურვაც.

“ქალბატონი მინისტრის მიერ მკაფიოდ და არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” არ გააჩნია გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელების საქმეში, მაშინ როდესაც ჩვენი გუნდი შედგება ისეთი საერთაშორისო პარტნიორებისგან როგორიცაა: Conti Group, SSA Marine, Van Oord, Hyundai , MTBS , BergerABAM , Moffatt & Nichol, Royal Haskoning, Hatch , Ecoline International , Worley Parsons, Halo Trust, Baker Mckenzie , Dentons , Willkie Farr & Gallagher , Clifford Chance , Marsh და სხვები.

ეს არის მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო კომპანიათა ჩამონათვალი, რომლებიც ამ ოთხი წლის მანძილზე კონსორციუმში შემოვიკრიბეთ და ამ კომპანიებს თავიანთი არსებობის მრავალი წლის მანძილზე არაერთი, ანაკლიის პორტის პროექტის მსგავსი და კიდევ უფრო დიდი პროექტები განუხორციელებიათ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მიაჩნია – როდესაც ასეთი დიდი გუნდიდან არ ხდება მისი არცერთი წევრის ხსენება, როდესაც მიმდინარეობს ჩვენი პორტოპერატორის და აქციონერის, უდიდესი ამერიკული კომპანიის “SSA Marine” – ს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, საქმე გვაქვს არა მხოლოდ ერთი პროექტის, არამედ მთელი საინვესტიციო გარემოს დაზიანების მცდელობასთან. და რაც ყველაზე მთავარია, ამ განცხადებებმა შესაძლებელია ნეგატიური მუხტი შეიტანოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებშიც.”–  აღნიშნულია განცხადებაში.