"წყლის რესურსების ეფექტური მართვა ქვეყნის ეკონომიკური წარმატების წინაპირობაა"


 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკულ სემინარზე „წყალმომარაგებისა და წყალარინების ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები სამხრეთ კავკასიაში“ სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ  მთავრობის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი წარმოადგენს  მწვანე ეკონომიკა, სადაც წყლის რესურსების ეფექტურ მართვას წამყვანი როლი ექნება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, თუმცა ამის მიუხედავად, არსებობს სერიოზული გამოწვევები წყლის ხარისხთან დაკავშირებით.  პრემიერის შეფასებით, მსგავსი კონფერენციები, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს.

„ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას ორი პრიორიტეტი აქვს. პირველი ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გვაქვს, არის ჩვენი საზოგადოება და მეორე – ჩვენი ბუნება. პირველ საკითხზე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ უმნიშვნელოვანესი ინიციატივა დავაანონსეთ, რომელიც ჩემი შეფასებით არის ეროვნული იდეა. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ჩვენი ეკონომიკის 6%, ანუ ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად უნდა დავხარჯოთ სწორედ განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე.

მეორე სიმდიდრე არის ჩვენი ბუნება, სადაც წყლის რესურსებს აქვს გამორჩეული როლი. სწორედ ამ ორი პრიორიტეტის განვითარებით, დარწმუნებული ვარ, საქართველო ჩადგება განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგში და დაძლევს ყველა გამოწვევას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორია გახსნა.

 

„ჩვენთვის განათლების რეფორმას, იმ ეროვნულ იდეას, რომელიც დავაანონსეთ, აქვს ყველაზე უფრო დიდი როლი და ადგილი იმაში, რომ საქართველო ჩავაყენოთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყანათა რიცხვში. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივის რეალიზაციის შედეგად კიდევ უფრო ძლიერი და მეტი მსგავსი ლაბორატორია გვექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.