ქართული ხორბლის კულტურას იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში წარადგენენ

Похожее изображение„ქართული ხორბლის კულტურას (ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში“) სახელმწიფო იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგენს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იუნესკო-ში წარსადგენ შესაბამის განაცხადს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

2018 წლის იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მოთხოვნით კონვენციის პრიორიტეტად „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წევრი სახელმწიფოების მიერ ელემენტების წარდგენა გაცხადდა, რისი მეშვეობითაც არამატერიალური მემკვიდრეობა საერთაშორისო სამეცნიერო დარგობრივი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.

ქართული ხორბლის, როგორც გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტის, საერთაშორისო აღიარება მის გადასარჩენად ქვეყნის შიგნით სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციების, დარგობრივი ექსპერტების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მეხორბლე ფერმერების, მეხორბლე ოჯახების ჰარმონიზებულ საქმიანობას უზრუნველყოფს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისიტროს ინფორმაციით, „ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქართული იდენტობის ერთ-ერთ მაფორმირებელ და განმსაზღვრელ ფაქტორს და გვევლინება თავისებურ ცოცხალ მუზეუმად, სადაც ხორბლის გვარის მთელი სახეობრივი მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი. ქართული ხორბლის 8 000-წლიან ისტორიას არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მარცვლებიც ადასტურებს. საქართველოში დაფიქსირებულია ხორბლის 14 სახეობა და 188 სახესხვაობა, რაც ასეთი მცირე ფართობის მქონე ქვეყნისთვის უჩვეულო რაოდენობაა.

მე-20 საუკუნის ბოლოსთვის მკვეთრად შესუსტდა ზრუნვა ქართული სახეობებისა და ენდემური ჯიშების გამრავლება-გამოყენებისათვის, რის გამოც, გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ელემენტის ხელშეწყობა და იმ წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გაცოცხლება, რომელიც ქართული ხორბლის სახეობებსა და ჯიშების მოხმარება-მოვლას ახლდა თან.

2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების, დარგში მომუშავე მეცნიერების: ლალი მესხის, გიორგი ღუღუნიშვილის, ვანო ზედგინიძის, მარინე მოსულიშვილის, მარი გოგნიაშვილის, ინეზა მაისაიას მონაწილეობით დაიწყო მუშაობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტზე „ქართული ხორბლის კულტურა“. ამავე წლის სექტემბერში მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში იქნა შეტანილი.

2019 წლის 25 მარტს „ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

იუნესკო-ს 2003 წლის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციას საქართველო 2007 წლიდან შეუერთდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში კონვენციის ქვეშ არსებული მსოფლიო წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს ოთხი ელემენტია აღიარებული: „ქართული მრავალხმიანობა“ (2001, 2008), „ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი“ (2013), „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ (2016) და „ქართული ჭიდაობა“ (2018).

image_pdfimage_print

Comments

comments