დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის  დაბადების დღეა


Похожее изображениеდღეს საქართველოს პრეზიდენტის დაბადების დღეა, მას 80 წელი შეუსრულდებოდა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი 1991 წლის მარტში გახდა.

1993 წლის ოქტომბრის დამლევს ის და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში. ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება.

ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ,  პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და მთავრობის წევრებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავი, მისი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გვირგვინით შეამკეს.

ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა.  მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის  საფლავი პარტიის წევრებმა ყვავილებით შეამკეს და ზვიად გამსახურდიას ღვაწლსა და დამსახურებებზე ისაუბრეს.