რა საფრთხე ემუქრება ხადას ხეობას სატრანზიტო გზის გაყვანის შემთხვევაში?


 Imageგასული წლის ზაფხულში ცნობილი გახდა , რომ ქვეშეთი-კობის გზაზე  დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის , მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება..

„ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის  ნაწილია. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. ახალი გზა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.“– ნათქვამია საქართველოს გზების დეპარამენტის ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, გზა გაუადვილებს ადგილობრივ მოსახლეობას კავშირს გარე სამყაროსთან. გზის არსებობამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს მოსახლეობის დაბრუნებას ხეობაში, მცირე ბიზნესის განვითარებას და ხეობის გაცოცხლებას. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, მეორე ალტერნატიული მიმართულების დამუშავებაც ხდება –  მლეთადან არაგვი ჰესის მიმართულებით, შემდეგ გვირაბი და გასვლა თრუსოს ხეობაში, სოფელ კობთან.

პროექტის პირველი ტენდერი ჩავარდა, გამოცხადებულია მეორე, რომლის ვადა 2019 წლის 22 აპრილს იწურება. გეგმის თანახმად ახალი გზის მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს.

ცეცხლიჯვარი 2
ცეცხლიჯვრის კომპლექსი

აღნიშნულმა პროექტმა ადგილობრივ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გზის მშენებლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ეკოლოგიას. საფრთხე ემუქრება სოფლის  სახლებს, რომელბიც მეტწილად  მშრალი წყობით, ან კირქვით არის ნაგები. რაც ყველაზე მთავარია, საფრთხე ექმნება ხეობაში არსებულ მრავალ ისტორიულ ძეგლს. ხეობა გამოირჩევა მდიდარი ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობით – ციხე-სიმაგრებით, ტანწყობილი  ზურგიანი  კოშკებით, რთული საცხოვრებელი თუ საკულტო ნაგებობებით. მათი უმეტესი ნაწილი რესტავრაციას საჭიროებს და არა უდიერ მოპყრობას. ხადას ხეობის ერთერთი შესანიშნავი საფორტიფიკაციო ნაგებობის,  ცეცხლიჯვრის კომპლექსის (IX-X ს.ს.) კედელზე უკვე გაჩენილია მსხვილი ბზარი და მცირე გეოლოგიურმა აფეთქებამაც შესაძლოა მთლად დააზიანოს.

შეგახსენებთ, 2002 წელს ჩრდილოეთ ოსეთში, კარმადონის ხეობაში ფილმს იღებდნენ, გადამღები ჯგუფი პიროტექნიკას იყენებდა. ფილმის დასრულება ვერ მოხერხდა – ერთ დილას მყინვარ კოლკას ყინულის გიგანტური მასა მოწყდა და მთლიანი ხეობა დაფარა, ცოცხლად დამარხა სოფლები, სანატორიუმები და ფილმის გადამღები ჯგუფი…

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, ეკოლოგიური თვალსაზრისით მთავრობას  მაქსიმალურად მიაწოდეს ყველა საჭორო რეკომენდაცია.

„კარგი პროექტია, ჩვენს მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ არის. რაც ეხება უშუალოდ ხადას ხეობას და იქ არსებულ ისტორიულ–კულტურულ მემკვიდრეობას, იყო ლაპარაკი, რომ ძალიან ფრთხილად იმოქმედებენ. მე ვესწრებოდი რამოდენიმეჯერ განხილვებს და ყველა საკითხი, რომელიც ეხება ეკოლოგიურ სფეროს, განხილულია და ჩადებულია პროექტში.“– აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

საპირისპირო აზრს გამოთქვამს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე . მისი შეფასებით, ხეობაში მსგავსი პროექტის განხორციელება სასტიკად დაუშვებელია, რადგან ეს მეწყერულ პროცესებს გამოიწვევს. მისი თქმით, პროქტს არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ პოლიტიკური და ეონომიკური ასპექტები ერთვის თან.

„რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქვეყნისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით? ცნობილია, რომ საქართველო სომხებისთვის სატრანზიტო გზას წარმოადგენს.  ეკონომიკის სამინისტროში ჩემი მუშაობის პერიოდში ( 1994–95 წ.წ.) ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს,  სომხებმა მოითხოვეს გზის გახსნა აფხაზეთის გავლით. მე თვითონ უშუალოდ ვიღებდი ამაში მონაწილეობას, მაშინ მათ უარი  ეთქვა საქართველოს მხრიდან.  რატომ სურთ სომხებს აფხაზეთის გავლით რკინიგზის გაყვანა? იმოტომ რომ მათ ინტერესები აქვთ აფხაზეთში, ამჟამად ისინი იქ უმრავლესობას წარმოადგეგნენ. თავისთავად,  რუსებსაც აქვს ინტერესები სომხეთშიც და აფხაზეთშიც.  რუსეთს სურს თავისი ინტერესები სწრაფად გადატიტანოს  სომხეთში.

Картинки по запросу ვაჟა კაკაბაძე
ვაჟა კაკაბაძე

რადგან ახალა ისევ წამოიჭრა ეს საკითხი და საქართველოს მთავრობამ კვლავ უთხრა უარი სომხეთს, გადავიდნენ ამ პროექტზე. სომხეთის ინტერესი მხოლოდ ეკონომიკურია,  ხოლო რუსეთის –  როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიუკური. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ რუსები ყველანაირად ცდილობენ, კარგი ურთიერთობა დაამყარონ ირანთან და ყველანაირი პირობა შეუქმნეს, რათა ირანს ბირთვული იარაღი ქონოდა. ამგვარად, იარანის დახმარიბით თურქეთზე ახდენენ ზემოქმედებას. გარდა ამისა,  რუსები ეხმარებიან სომხებს, თავისი ინტერესები განახორციელონ აზერბაიჯანში, სადაც რამოდნიმე ტერიტორიაზე  აცხადებენ პრეტენზიას.

რაც ეხება  გეოლოგიურ და ეკოლოგიურ ასპექტს – რაც უფრო მაღლა გავა გზა, მით უფრო მეტ საშიშროებას გამოიწვევს, იმიტომ რომ ხეობაში ისეთი  ქანებია განვითარებული, როგორიცაა  თიხა–ფიქალი,  ქვიშიანი ფიქალი, თიხები, რომლებისათვის დამახასიათებელია წყლის გატარება ანუ უფრო ადვილად ექვემდებარებიან მეწყერულ პროცესებს. რა დიდი კედელი უნადა აშენდეს, რომ დაიცვას ეს მთელი მასა? ძალიან რთულია ამის განხორციელება, მაშინ ქედზე უნდა გაიყვანონ, რაც უფრო ძვირი დაუჯდებათ. შეუსრულებელი პროექტია. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნი და, აქედან გამომდინარე, ობიექტურად ვმსჯელობ – ეს მთავრობა დაიწყებს ამის განხორციელებას და ვერ მოასწრებს.  ვთქვათ, შეიცვალა მთავრობა,  და ის დაიწუნებს პროექტს, წყალში ჩაეყრებათ ფული.“ – ამტკიცებს ვაჟა კაკაბაძე.

ექსპერტი  ყურადღებას კლიმატურ ცვლელებებზეც ამახვილებს და განმარტავს, რომ  დასავლეთის  ქვეყნებში მსგავსი პროექტების მომზადებისას  ითვალისწინებენ  გლობალური დათბობის ფაქტორს. ამის გათვალისწინების გარეშე არ შეიძლება ასეთი პროექტის განხორციელება, ხოლო საქართველოს  მთავრობას ამის გაკეთება ეზარება.

„სვანეთში  მოსახლეობამ არ მისცა ჰესის აშენების უფლება.  ჰესების მოწინაღმდეგე არ ვარ, უნდა აშენდეს, მაგრამ მცირე – ხაზს ვუსვამ – მცირე ჰიდროელექტროსადგურები. დიდი ჰესი ზრდის აორთქლების სარკეს, ანუ წაყალი რომ დაგუბდება, აორთქლების ტერიტორია გაიზრდება, და შეიძლება სვანეთში  არა, მაგრამ, ვთქვათ, სეტყვის ან წვიმის სახით მოვიდეს კახეთში და გაუნადგუროს გლეხს მოსავალი.

ჟინვალჰესზე წყლის დაგუბება არ შეიძლებოდა, რადგან ამან გაზარდა არსებული მეწყერული პროცესები. ასეთივე საშიშრეობას შექმნის ეს ახალი პროექტი ხადას ხეობაში.

დევდორაკის ხეობაში რომ დაიწყეს ჰესის მშენებლობა, ესეც შეცდომა იყო. თავის დროზე მე ვმუშაობდი ამ ხეობაში. წყალი რომ დაგროვდებოდა ნიადაგში, მცირე აფეთქებებს ვაწარმოებდით,   დაგროვილი ნაშალი ქვემოდ ჩამოდიოდა  და წყალს გაქონდა. საბჭოთა კავშირის პერიოდშიც განიზრახეს ხეობაში ჰესის აგება, მაგრამ გეოლოგიური დასაბუთებით იქ მცირეელექტროსადგურის აშენებაც სასტიკად იქნა აკრძალული.

იგივე მინდა ვთქვა ვერის ხეობასთან დაკავშირებით – გეოლოგებმა ოდითგანვე ვიცოდით,  რომ იქ მეწყერული პირობები იყო, აქაც მცირე მუხტით ხდებოდა მასის ჩამოშლა, რომელიც ვერეს წაყალს მიქონდა და საშიშროება აღარ იქმნებოდა. ახლა კი არ გაითვალისწინეს ეს გარემოება, გადაუკეთეს წყალს გზა და წვრილი მილები ჩაყარეს ვარაზის ხევში. გავა 20–25 წელი და ზუსტად იგივე შაშიშროება შეიქმნება.

როცა თურქეთმა მის ტერიტორიაზე გამავალ მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა დაიწყო, საერთაშორისო მოთხოვნის შესაბამისად, როგორც მეზობელი სახელმწიფო,  ჩვენგან მოითხოვა აშენებაზე ნებართვა, რამეთუ იცოდა, რომ ზღვაში ნაშალის ჩამოტანა შემცირდებოდა, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ბათუმის ზღვის სანაპიროს. ეკონომიკის სამინისტროსგან  და უშუალოდ ჩემგან თურქეთის მოთხოვნაზე დაიწერა უარყოფითი დასკვნა, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტროდან (მაშინ მინისტრი იყო ნინო ჩხობაძე) წავიდა დადებითი დასკვნა; და, დღეს უკვე გვაქვს უარყოფითი შედეგები –  ყოველი პატარა შტორმის შემდეგ ირეცხება ბათუმის სანაპირო – აი, ეს გააკეთა ნინო ჩხობაძემ.“– აცხადებს ვაჟა კაკაბაძე.

მეცნიერის განმარტებით, ყოველი ტენდერის ჩატარება გარკვეული თანხა ჯდება, აქედან გამომდინარე ერთხელ და ორჯერ ჩატარებული ტენდერით ინტერესს ვუკარგვათ ინვესტორს, სახელს ვიფუჭებთ. მისი თქმით, პროექტისთვის განსაზღვრული თანხით  საქართველოს სამხედრო გზის ფერდობის გასწვრივ სადრენაჟო სისტემა რომ გააკეთონ და გაამაგრონ კედლები, ბევრად რაციონალური ნაბიჯი იქნება.

„რატომ გააკეთეს საქართველოს სამხედრო გზა იქ , სადაც არის და არა სხვაგან? თავიდანვე ამ საკითზე შეიქმნა ძალიან ბევრი ნაშრომი, ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ეს ადგილი. მაშინ მართლა ინჟინრები მუშაობდნენ, მართლა მიმდინარეობდა შესწავალა. ახალა? არსებობს თანხა, ამ თანხის ათვისება სურთ და სად გაიტანონ არ იციან.  კობთან,  გვირაბიდან რომ გავდივართ, ტრავერტინებია, რომლებიც რამოდენიმე წლის წინ გადაჭრეს, ეს უდიდესი დანაშაულია. ეს რომ გაიგოს მსოფლიოს ბუნების დაცვის საზოგადოებამ, დააჯარიმებენ ამ იდიოტებს. ტრავერტინების ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. მათი დაზიანება დიდი შეცდომა იყო და ახლაც უშევებენ შეცდომას ჰადას ხეობასთნ მიმართებაში. დარწმუნებული ვარ,  გეოლოგიური კვლევა ჩატარებული არ არის.

ილია ჭავჭავაძეს რა აქვს ნათქვამი – ვისაც თავისი წარსული  დავიწყებულია აქვს, მას მომავალი არ ექნება. არ შეიძლება წარსულის განადგურება. ასეთი კოშკების,  ეკლესიების დანგრევა და მოსახლეობისთვის რთული პიროებების შექმნა. ამ წარსულზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა. ყოველთვის გული მწყდება, რომ ვხედავ  ჟინვალჰესში ჩაძირულ ეკლესიას.

რაც შეეხება ხეოაბში არსებული ოქროს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, არა მგონია იქ იყოს ოქროს საბადო, თუმცა  მცირე გამოვლინება სხვადსახვა გეოლოგიური საბადების არის დაფიქსირებული.

ჩემი პირდაპირი თხოვნაა მთვარობის მიმართ  –  თუ ამდენი თანხაა გაგაჩნიათ, ააშენეთ  საწარმო ხადას ხეობაში,  სადაც ადამიანები დასაქმდებიან და მიიღებენ გარკვვეულ შემოსავალს, წელში გაიმართებიან. მთავრობას, პარლამენტს ირჩევს ხალხი და ვალდებულნი არიან ემსახურონ ხალხს და არა თავიანთ ინტერესებს.“– აცხადებს ვაჟა კაკაბაძე.

ასმათ ჯაღმაიძე

www.premiumi.ge