ტაქსის გადაღებვის მაგივრად თეთრი ფირის გადაკვრა იქნება შესაძლებელი


Картинки по запросу белое таксиთბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრასაც სთავაზობს.  დედაქალაქის მერის  კახა კალაძის თქმით, როგორც გადაღებვა, ისე თეთრი ფირის გადაკვრა ტაქსის მძღოლებს ფინანსურ ტვირთად არ დააწვება.

„როდესაც დავიწყეთ ამ რეფორმაზე ფიქრი და მუშაობა, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით ტაქსის მძღოლების სოციალურ მდგომარეობას. ამიტომ, გადაღებვის თანხები ტვირთად რომ არ დააწვეთ, პასუხისმგებლობა ავიღეთ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს გადაღებვის სამუშაოების დაფინანსებას. ტაქსის მფლობელებს არც ერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომანქანების გადაღებვა, თუმცა მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შეიძლება გადაღებილი ავტომანქანა წლების შემდეგ ისეთ ფასად ვერ გაყიდონ, როგორც მათ სურთ. ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თუ გადაღებვა არ სურთ, მათ აქვთ შესაძლებლობა, თეთრი ფირი გადააკრან. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან ყოველგვარი დანახარჯის გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს გადაეცემათ მანათობლები, ასევე დედაქალაქში გამოყოფილია საპარკინგე ადგილები, რომლითაც უფასოდ ისარგებლებენ ამ კატეგორიის ტაქსები.

„რაც შეეხება ფირის გადაკვრას, ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც შეღებვისას, რეკლამას ორი  წლის განმავლობაში კომპანია განათავსებს და ის მიიღებს შემოსავალს, ხოლო ორი წლის შემდეგ შემოსავალი ავტომანქანის მფლობელის საკუთრება იქნება.  საინიციატივო ჯგუფი ეთანხმება ამ რეფორმას და მას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ისინიც ამბობენ, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, თუმცა ითხოვდნენ, რომ ეტაპობრივად მომხდარიყო მისი განხორციელება. პარასკევს კიდევ მაქვს მათთან შეხვედრა და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი.

ვიცით, ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი და უნდათ, რომ ტაქსის მძღოლები გამოიყენონ. მაქსიმალურად ვცდილობთ, გვქონდეს კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რეფორმის განხორციელება როგორც თბილისელებისთვის, ასევე ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, წინ ვიყურებით, მომავალს ვუყურებთ. ზოგადად, ტაქსი ქალაქის სახეა, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.