გაეროსთან აკრედიტებული ელჩები ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

okupacia, mavtuli მავტულიგაეროში ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივი წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მონახულების შემდეგ ელჩები ხურვალეთში ჩავიდნენ და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. გაეროში საქართველოს ელჩმა მათ სრული ინფორმაცია მიაწოდა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის პრობლემებზე და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.

საქართველოში გაეროსთან აკრედიტებული ელჩების სამუშაო ვიზიტის მიზანია გაეცნონ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, რეფორმირებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებას. ელჩები ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების და ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ოკუპირებული ტერიტორიების თემას დღეს ასევე შეეხო რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფაა.

“ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოში არსებული ძალიან მტკივნეული გამოწვევები.

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ რუმინელ კოლეგა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე .

image_pdfimage_print

Comments

comments