„ახალი მემარჯვენეები“ ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმიანებიან

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებებით პრაქტიკულად დასტურდება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით უმაღლესი თანამდებობის პირთა ბუნდოვანი და გაურკვეველი ქმედებები აცდენილია და ხშირ შემთხვევაში დაპირისპირებულია ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს.
ის პერიპეტიები, რომლებიც დატრიალდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისას, ცხადს ხდის, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში საიდუმლოდ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც აზიანებს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას და მისი უსაფრთხოების ინტერესებს.
აშკარად იკვეთება, რომ ე.წ. „კაბელების საქმეც“ ამ საკითხთან პოლიტიკურ ბმაშია და პოლიტიკური მართლმსაჯულების ცხად მაგალითს წარმოადგენს.
დღეს, როცა მსოფლიოში უკიდურესად გამწვავებულია ტერორიზმის საფრთხე, როცა რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესიის გამო დემოკრატიული სამყარო უკიდურესად შეშფოთებულია და უსაფრთხოების ახალ ზომებზე ფიქრობს, საქართველოს ხელისუფლება გაურკვეველი მიზეზების გამო პრაქტიკულად შლის იმ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა.
ამ საგანგაშო ვითარებაში, სასიცოცხლოდ აუცილებელია ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისგან საზოგადოებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ამომწურავი განმარტება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე.
პარლამენტი, რომელიც ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე, ვალდებულია შესაბამის ფორმატში შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და ბრალდებათა დადასტურების შემთხვევაში დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა.
თუმცა, ვაცნობიერებთ, რა სიტუაციის აბსურდულობას, როცა არც პრემიერ-მინისტრი და არც პარლამენტი რეალურად ქვეყანაში ვერ ახორციელებენ ვერც საგარეო და ვერც საშანაო პოლიტიკას და ყველაფერი არაფორმალური მმართველობის დონეზე წყდება, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და უმაღლეს მთავარსარდალს, კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა და გამოარკვიოს რეალური ვითარება, რათა ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს უქმნის თუ არა საშიშროებას ქვეყნის უსაფრთხოებას საკუთარი ხელისუფლება.

image_pdfimage_print

Comments

comments