დაპირისპირება პანკისში – მთავრობა ადამიანის და ბუნების წინააღმდეგ


დღეს პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა, რაც  პოლიციელებთან  დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებისას პოლიციამ ცრემლმდენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა. 

ვითარების გამწვავების გამო პანკისის ხეობაში შს მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ჩავიდნენ და პანკისის ხეობის უხუცესებს შეხვდნენ.  შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაგრძელდება მოლაპარაკებები, აქციები შეწყდება, პანკისის ხეობას სპეცრაზმი დატოვებს თუმცა პოლიცია დარჩება ადგილზე.

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამაც, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ  პროვოკაციას.

შსს–ს ინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ხეობაში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას დაშავებული პოლიციელები მოინახულეს.

შს მინისტრის განცახდებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და უწყება დაპირისპირების ყველა ვიდეოკადრს შეისწავლეს. მისი ინფორმაციით, ამ წუთებში დაკავებული არავინ არის.

გიორგი გახარია - ზოგიერთი ვაი პოლიტოლოგი სისულელეებს წერს, მათ პანკისის ხეობის კი არა, სამშობლოს სიყვარულიც არ ესმით, რა არის

“მადლობა უხუცესებს, რომლებიც ობიექტურად აფასებენ ვითარებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციის 10-ზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა, მათ შორის სამი დაიწვა. ასევე, დაპირისპირებისას აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ტექნიკასაც წაუკიდეს ცეცხლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 35 ადამიანს. მათ შორის პოლიციელებიც არიან, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პანკისში აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კომპანია ხეობაში გააგრძელებს იმ ჰესზე მუშაობას, რომელზეც კითხვები არ არსებობს.  დავითაშვილის თქმით, სამართალდამცველებზე ხელის აღმართვა მიუღებელია, გადაცდომაზე პასუხი ყველას მოეთხოვება და საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს.

„რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, იცით, რომ ხეობაში რამდენიმე ჰესზე იყო ნებართვა გაცემული. კომაპნია გააგრძელებს იმ პროექტზე მუშაობას, სადაც არ არსებობს კითხვები. ნებისმიერ რეჟიმში, ჩვენ უნდა განვიხილოთ და განვიხილავთ კაბინეტში. შეიძლება, ხეობის მოსახლეობა თვითონ ჩამოვიდეს. ჩვენ ამაზე რამდენიმე დღის წინაც გვქონდა საუბარი, რომ ექსპერტების საჭიროება თუ იქნება, მზად ვართ.

თბილისში სახელწოდებით - „სოლიდარობა პანკისს“ აქცია მიმდინარეობს

მოსახლეობა საუბრობდა, რომ შესაძლოა, მათ უნდოდეთ დამატებით ჩაერთონ საკითხში ექსპერტები, რომელთა მიმართ მათ ნდობა აქვთ. მზად ვართ, რომ ამ სპეციალისტებმა მიიღონ შესაბამისი ექსპერტული პასუხები, ასე რომ, ამაზე მოსახლეობასთან გაგრძელდება საუბარი იმისთვის, რომ მათი დიდი ნაწილი იყოს მომხრე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დღესვე თბილისსა და ბათუმში გაიმართა აქციები  „სოლიდარობა პანკისს“. აქციაზე სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც აქციაზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) წარმომადგენლებმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, ხელისუფლება არ ითვალისწინებს ადგილობრივების ინტერესებს.

„ეს არის სოლიდარობის აქცია და ამავდროულად, პროტესტი იმ ქმედებების მიმართ, რომელსაც ხელისუფლება იჩენს პანკისის ხეობის შემთხვევაში, ასევე ენერგორესურსებთან მიმართებაში. ის არ ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, ეკოლოგიურ ინტერესებს. დღეს ამას დაემატა ქმედებები, საპოლიციო ძალის გამოყენება, რამაც მთელი ქვეყანა შეაშფოთა. ვფიქრობ, საკუთარ ხალხს ხელისუფლება ამ ენით,  რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით არ უნდა ესაუბრებოდეს“, – განაცხადა მენაბდემ.