“ჰესის მშენებლობის დასაწყებად სპეცრაზმის შეყვანა არის პროვოკაცია”

ნიკა მელია-ის სურათის შედეგიგუშინდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ პანკისის ხეობა არ შეეგუება ჰესის მშენებლობას, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია და  განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„იმ ფონზე, როდესაც მათ იცოდნენ, მეორე წელია პანკისის მოსახლეობაში კატეგორიული წინააღმდეგობა იყო ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ იქ სპეცრაზმის შეყვანა არ გამოიწვევდა კონფლიქტს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2000 წელს, შევარდნაძის პერიოდში ამ ხეობაში აშენებულა უფრო მძლავრი ჰესი ჩინელი სპეციალისტების მიერ. მათმა კულტურულმა დამოკიდებულებამ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებთან შესაძლებელი გახადა ჰესის მშენებლობა.

ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის მკაფიო მაშინ, როდესაც მათ იცოდნენ, რომ იქ ნებისმიერი ძალისმიერი მეთოდებით მშენებლობის დაწყება გამოიწვევდა მსგავს კონფლიქტს. მეორე წელია თავად ამ ხელისუფლებას შეჩერებული ჰქონდა იქ ჰესის მშენებლობა. დაუშვებელი იყო სპეცრაზმის შეყვანა. გუშინდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ ის ხეობა არ შეეგუება ჰესის მშენებლობას. დიახაც, პროვოკაციას აწყობ შენ, როდესაც იცი, რომ ეს მოხდება და ასობით სპეცრაზმელი შეგყავს ხეობაში, ძალდატანებით ჰესის მშენებლობის დასაწყებად”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments