ათონელის რეზიდენციაში ერთ-ერთი სამთავრობო უწყება განთავსდება


ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში ერთ-ერთი სამთავრობო უწყება განთავსდება.
ამის შესახებ ეკატერინე სისაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული შენობა დაპროექტებულია, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის რეზიდენცია და შესაბამისად, გათვლილი არქიტექტურით და შიდა სივრცით.
“სწორედ ესაა მიზეზი, რომ დღემდე ამ შენობით არავინ დაინტერესდა. ვინაიდან შენობის კომერციული მიზნებისთვის მორგება საკმაოდ რთული იქნებოდა, სავარაუდოდ შენობის გაყიდვა გაჭირდება და მისი გამოყენება მოხდება რომელიმე სამთავრობო უწყების მიერ”, – განაცხადა სისაურმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი უწყება განთავსდება ათონელის რეზიდენციაში.
არსებული ინფორმაციით, ათონელზე მდებარე რეზიდენციაში შესაძლოა, საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავიდეს.