გლდანში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს


გლდანში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობსგლდანის მე-5 მიკრორაიონში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს.

50-მდე ავტოფარეხის მეპატრონე გლდანის გამგეობის ინიციატივას, აღნიშნულ მისამართზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის შესახებ, დადებითად შეხვდა და ავტოფარეხების დემონტაჟზე თანხმობა განაცხადა. ავტოფარეხების აღების პროცესს თბილისის საკრებულოს გლდანის კენტი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია, გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ავტოფარეხების დემონტაჟის პარალელურად, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და მალე გლდანს კიდევ ერთი სარეკრეაციო სივრცე შეემატება. ოთარ გრიგოლიამ მოსახლეობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მათ თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი სივრცე ექნებათ.

„დღეს გლდანში დიდი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რაც 8000 კვადრატულ მეტრზე სკვერის მშენებლობას გულისხმობს. ამასთანავე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან მოლაპარაკების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას და 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს. მათ ნაცვლად კი ადგილი დაეთმობა ველობილიკებს, საფეხმავლო ბორდიურებსა და რეკრეაციულ ზონას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გლდანის გამგეობას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის და ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც თავიანთი ხელით დაიწყეს ავტოფარეხების დემონტაჟი“ – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

commersant.ge