პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 აპრილს ვარკეთილის ტერიტორიაზე დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი საავადმყოფოში მოინახულა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაჭრილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მან ექიმებს დაჭრილის გადარჩენისთვის მადლობაც გადაუხადა და პირობა დადო, რომ სამინისტრო პოლიციელის ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება. თავად მომხდარს პრემიერმა ამაზრზენი ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ამის ჩამდენი არის არაადამიანი.
დაჭრილი პოლიციელის მონახულების შემდეგ პრემიერმა განცხადება გააკეთა და სამართალდამცავებს მიმართა, რომ კანონით მინიჭებულ ფარგლებში იმოქმედონ და პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე დაიცვან.
“ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და ხელის აღმართვა ჩვენი საზოგადეობის გამორჩეული წევრების წინააღმდეგ. მე მოვუწდე შს მინისტრს, პროკურატურას, ყველას, რომ კრიმინალის წინააღმდეგ უნდა გავაათმაგოთ ბრძოლა. ვინაიდან მსგავსი ფაქტი მოხდა, მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედონ კანონით განსაზღვურლ ფარგლებში. თქვენ გაქვთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე, კრიმინალების ადგილი ან ციხეშია ან სხვაგან. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ,”- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს დაკავება მალე მოხდება, პრემიერის თქმით წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პოლიციელებს დამნაშავის ლიკვიდაციის უფლება აქვთ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია. ეს უფლება მათ კანონით აქვთ მინიჭებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments