შეცდომა თუ პროვოკაცია – რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში

2 დღეა, რაც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. დღეს  სესია პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს არა ასამბლეის მდივანმა, საბერძნეთის წარმომადგენელმა, არამედ რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

დარბაზში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ  და  სესიაში რუსეთის დუმის დეპუტატების, მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მონაწილეობა და მის მიერ სხდომის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან წაყვანა გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, რუსეთი ოკუპანტია და ოკუპანტი სხდომას არ უნდა უძღვებოდეს.  „ის აქ არ დაჯდება“, – აცხადებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები და გავრილოვს სხდომის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. სესიაზე ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული და დარბაზში გავრილოვი არ იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა დაიკავა.

დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილმა და ადა მარშანიამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწდოეს. მარშანიასა და ხოშტარიას შორის დაპირისპირებაც მოხდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში შეუთანხმებლად აღმოჩნდა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე და მან ეს სხდომა წაიყვანა, გაბედა პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო გუნდის პოზიციისგან შეუთანხმებლად და განსხვავებით, საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ასამბლეის წევრებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სხდომა ხვალ სხვა სივრცეში გაგრძელდება.

„ხვალ გაგრძელდება სხვა სივრცეში სხდომა, ნებისმიერი სასტუმრო იქნება თუ სხვა, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს და მათი პარლამენტის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად განაგრძონ ასამბლეის ფარგლებში მუშაობა, მაგრამ საქართველოს პარლამენტში მსგავსი შეცდომა აღარ, ვეღარ დაიშვება და ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ სერგეი გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინციდენტს  მყისვე მოყვა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ– მინისტრის და სხვადასხვა პოლიტიკოსებბის მწვავე კრიტიკა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით,  დაუშვებელია საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე ფორუმს, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება.  ირაკლი ღარიბაშვილი   მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დასმას ითხოვს.

„უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა! ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს – დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე“, – აღნიშნა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საპროტესტო აქციები  საქართველოს ქალაქებში გაიმართა. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს, მოგვიანებით კი პარლამენტის წინ აქცია გამართეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვაც მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება და მომხდარის შესახებ მოგვიანებით შეიტყო. მან ასევე დაგმო რუსი დეპუტატის ქმედება და აღოტება გამოხატა ინციდენტის შესახებ.

რაც შეეხება თვითონ სერგეი გავრილოვს, მას და რუსეთის დანარჩენ დეპუტატებს საქართველოს დატოვება სასწრაფო წესით, დროზე ადრე მოუწია.

რა იყო ეს, შეცდომა თუ პროვოკაცია, საზოგადოებას ჯერ ვერ გაურკვევია, თუმცა ფაქტია, რომ მისი ყურადღება “თბილისი  პრაიდის” ჩატარების თემისგან თითქმის 100%–ით გადატანილია…

ალექსანდრე მგალობლიშვილი

image_pdfimage_print

Comments

comments