“ივანიშვილმა დაინახა, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი, ახალგაზრდობა”

828usufashvili-davit1_slდავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ოთხი წელი დატანჯა ქვეყანა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე.

„2015 წელს „ქართულ ოცნებას“ მაგიდაზე ედო დოკუმენტი, რომ პროპორციული არჩევნები უნდა ჩაგვეტარებინა, სამწუხაროდ ამას დასჭირდა ამდენი მსხვერპლი, ამდენი უბედურება, ამდენი დასახიჩრებული ადამიანი. ახლა ივანიშვილმა დაინახა, რომ დიახ, ხელისუფლების წყაროა ხალხი, ახალგაზრდობა, მან დაინახა, რომ ეს უკვე ის ზღვარია, რომლის იქეთ ან მან, ან დღესვე დატოვოს ყველაფერი, ან უნდა წავიდეს დათმობაზე, ამიტომ ეს არის იმ ადამიანების გამარჯვება, ვინც პრინციპულად და მშვიდობიანად ითხოვდა ამ ყველაფერს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის სერიოზულად დაგვიანებული გადაწყვეტილება.

„ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ პროპორციული არჩევნები თავად გამოეცხადებინა და ამითი ქვეყანა სწორ გზაზე დაეყენებინა. წინ ძალიან ბევრი საკითხია გასარკვევი და მოსაგვარებელი. შეგახსენებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, სამჯერ კენჭისყრა და იქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზეა გასარკვევი.

გარდა ამისა, ამ აქციაზე იყო სხვა მოთხოვნები, აქციას ეს მოთხოვნები ერთმანეთზე არ გადაუბია. პროპორციული არჩევნები? – კი ბატონო, ვიწყებთ უკვე საგნობრივ მსჯელობას ამ თემაზე, მაგრამ დანარჩენი მოთხოვნები როგორც ვიცით, რჩება ძალაში“, – აღნიშნა  დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ნულპროცენტიანი ბარიერი არის ჩანაფიქრი, რომელსაც განხორციელება არ უწერია.

„ეს ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა ადამიანს გაუჩინოს თავში ასეთი აზრი, რომ ერთ პროცენტს ხომ მე თავადაც ავიღებ, რა საჭიროა სერიოზული გუნდის შეკრება, ანუ პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაცია უნდა ამითი, მაგრამ როგორც იტყვიან, ახლა ბურთი და მოედანი ოპოზიციისა და ხალხის მხარეს არის. ვინც ასე მარტივად მიუდგება საკითხებს, თუმცა სერიოზული პოლიტიკური ძალები ამ პროცესშიც მოახერხებენ წარმატების მიღწევას და პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის მომავალზე.

ოპოზიციის გაერთიანება არ არის საქმე, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის მართვის შემძლე პოლიტიკური გუნდები და პოლიტიკური გუნდი რომ იყოს ქვეყნის მართვის შემძლე, მას უნდა ჰყავდეს პარლამენტშიც ბევრი წარმომადგენელი და პარლამენტს გარეთ ბევრი კვალიფიციური ადამიანი, ნულპროცენტიანი ბარიერი უქმნის მოტივაციას საკუთარ თავზე ორიენტირებულ ლიდერებს, რომ ოღონდ მე პარლამენტში ვიყო და დანარჩენი არაუშავს. – მიაჩნია  დავით უსუფაშვილს.

image_pdfimage_print

Comments

comments