გუდაურში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს

გუდაურში ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს. დაზიანებულია ინვენტარი და წაღებულია სამუშაო იარაღები. ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ტერიტორიაზე ასობით ადამიანი კონკრეტული პირების ორგანიზებით შეიჭრა, რომლებსაც ფესტივალის ჩატარება არ სურდათ და ორგანიზატორებს მანამდეც ემუქრებოდნენ. მათი თქმით, საუბარია დაახლოებით 25 ათასი ლარის ზარალზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებით დაიწყო.

ორგანიზატორების განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა ფესტივალის ჩატარებას იმ მიზეზით აპროტესტებდა, რომ ამ ტერიტორიაზეა მათი მამა-პაპის მიწები, ეკლესიები და ეს მუსიკა ხატებს შეურაცხყოფდა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში 28, 29, 30 ივნისს უნდა ჩატარებულიყო.

„ვიზიტორების და ზოგადად, ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით.

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს.
ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

Mountain Set - მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია. ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას.

დღეს საღამოს გამოვაცხადებთ ფესტივალის ახალ ლოკაციას და სრულ ინფორმაციას. ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს! არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ!“ – აღნიშნულია ფესტივალის წარმომადგენელთა განცხადებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments