მორიგი პროვოკაციის შემდეგ “რუსთავი–2″–მა მაუწყებლობა განაახლა

1431843319_rustavi2ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  მაუწყებლობა დღეს დილით განახლდა.

წუხელ „რუსთავი 2“-თან აქცია გაიმართა, რომელიც სოციალური ქსელით დაიგეგმა. პროტესტის მიზეზი ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი გახდა, რომელმაც  პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა.  აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ტელეკომპანიამ ბოდიში მოიხადა და მაუწყებლობა შეაჩერა. აქციის მონაწილეთა თქმით, მესამე მოთხოვნა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირებაა და თუ მსგავს რეაგირებას ადგილი არ ექნება, აქცია კვლავ დაიგეგმება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, „რუსთავი 2“-თან აქცია ხელისუფლების მართული იყო  და  არხში შეჭრისა და ხელში ჩაგდების პირდაპირ მცდელობას წარმოადგენდა.

“რუსთავი–2” –ის ინციდენტთან  დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემირმა  მამუკა ბახტაძემ:

“ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე  დაგმო გიორგი გაბუნიას  მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიება.

“ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველ შემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის  განცხადებაში.

“რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ მოვლენებს თბილისის მერი კახა კალაძე  ეხმიანება და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა ”რუსთავი2”-ს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.

“არც იმის სჯერა ვინმეს, რომ “რუსთავი 2”- ის ეთერში დადგმული პროვოკაცია, უბრალოდ ერთი ჟურნალისტის გაუაზრებელი და უცენზურო გამოხტომა იყო და არა კარგად გამიზნული პროვოკაციული ქმედება. ამ ფონზე, ძალიან უსუსურად გამოიყურება ”ნაციონალური მოძრაობის” უსუსური მცდელობა, საზოგადოების სრულიად ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთოს.

ეს არის სრული უტიფრობა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ამ პროვოკაციის რეალურ მიზნებს. ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იცავს საქართველოს კონსტიტუციას და შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის, ჟურნალისტის, თუ მედიის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის კანონის ჩარჩოებს არ სცდება. ამიტომ, ტყუილად ირჯებით ბატონებო, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არავინ აპირებს კანონის დარღვევას, ვინმესთან მედიაში დაუკითხავად შეჭრას და იმ მეთოდებით მოქმედებას, რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას.

თემის ამ მიმართულებით წაყვანის მცდელობა არის აბსურდი და სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება, რომლის გახორციელებაშიც ბუნებრივია ხელს ნამდვილად არავის შევუწყობთ, ამიტომ უმჯობესია აღადგინოთ მაუწყებლობა და შეეშვათ ამ მიმართულებით სიტუაციის ხელოვნურად დრამატიზების უსუსურ მცდელობებს. ამით ვერავის მოატყუებთ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის საზღვრებს გარეთ”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments