დავით ზალკალიანი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩეხეთი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით არის დაინტერესებულიდავით ზალკალიანი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ტომაშ პეტრშიჩეკმა ქართველ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა “საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებას.

ასევე, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გაფორმდა ოქმი “საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე”.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და ამის მიუღებლობაზე , რომ ამას ჩვენ აუცილებლად ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ და განსაკუთრებული აქცენტები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გავაკეთოთ. ყველა საერთაშორისო ფორუმზე აქტიურად იყოს წამოწეული ადამიანის უფლებების დარღვევის თემები, განსაკუთრებით ეთნიკურ ქართველებთან მიმართებაში. საუბარი იყო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე.

ჩვენ ევროკავშირის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს, რაც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში გამოიხატა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ხვალ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იწყება. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ვმასპინძლობთ. ასევე სტუმრად გვეყოლება ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ ამ კონფერენციას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ის მნიშვნელოვანი როლი და წვლილი, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების პროცესში მიუძღვის. ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვაქს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ტომაშ პეტრშიჩეკის განცხადებით, ჩეხეთის რესპუბლიკა საქათველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩეხეთი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით არის დაინტერესებული, როგორც ვაჭრობის ასევე საინვესტიციო სფეროში.

„ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისთვის და ინვესტიციების მოცულობის გაზრდისთვის ფართო პოტენციალი არსებობს. მოხარული ვარ, რომ საქართველოში დაახლოებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 5% ჩეხეთიდან შემოდის. ჩეხეთი მზად არის, საქართველოს დაეხმაროს საექსპერტო გამოცდილებით, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩეხეთი ცდილობს, საქართველოს დაეხმაროს იმ პროგრესში, რომელსაც ქვეყანა მოდერნიზაციაში განიცდის. ჩეხეთი საქართველოს მიმართ თავისი მხარდაჭერის ძალისხმევის ერთგული რჩება, რათა ქვეყანამ ევროატლანტიკური და ევროპული მიმართულებით წინ იმოძრაოს. ჩეხეთი მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს“, – განაცხადა ტომაშ პეტრშიჩეკმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს,  შეხვდება  საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ–მინისტრსაც. ტომაშ პეტრშიჩეკი ასევე საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთსაც მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში  ჩეხი დიპლომატი ასევე  მონაწილეობას მიიღებს 11-12 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – “ღირსეული პარტნიორიბის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები”.