"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას უნდოდა, დაწესებულიყო სანქციები"


Картинки по запросу ნათია თურნავასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს მიერ გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა არ კარნახობს ბიზნესს, სად რა გაიტანოს. 

“თუკი  ბიზნესი ნაწილობრივ ირჩევს ტრადიციულ ბაზრებს და მათ შორის რუსულ ბაზარს, ეს არის მათი არჩევანი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. კი, რუსული ბაზარი ჩვენს ექსპორტში არ არის წარმოდგენილი როგორც დომინანტი, ეს არის შარშანდელი მონაცემები – სულ 13%, მაგრამ ამ 13%–ის უკან დგას ათობით მეღვინე, დგანან ჩვენი ფერმერები, ასევე სხვა მწარმოებლები. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი მათ არჩევანს და მათზეც უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა ნათია თურნვამ.

მინისტრმა ტურიზმის სფეროსა და რუსი ტურისტების წილზეც ისაუბრა.

„25%  არის რუსი ტურისტის წილი ჩვენს ტურიზმში და ამის უკანაც დგანან ჩვენი ოჯახები, ჩვენი საოჯახო სასტუმროები, ტაქსის მძღოლები, რესტორნის მესვეურები, ვინც ელოდებოდა ამ მილიონ ტურისტს და არავის აქვს უფლება, არ სცეს პატივი ამ ბიზნესის არჩევანს, ჩაერიოს ამაში და თანაც შეურაცხყოფა მიაყენოს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ძალას სწორედაც უნდოდა, რომ წამოსულიყო სანქციები, წამოსულიყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან დიდი პრობლემებში ჩააგდებდა ჩვენს რიგით მოსახლეობას და პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს შეუქმნიდა პრობლემებს, 4 მილიარდ ლარზე მეტი ზარალი, რასაც ათობით ადამიანი განიცდიდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, მაგალითად ბათუმში კარგად ჩანს მსგავსი მავნებლური მიდგომის შედეგი.

„ახლა ჩვენ ბათუმში ვართ და ვხედავთ დაცარიელებულ პლაჟებს, რაც არის უკვე შედეგი ამ მავნებლური საქციელის, ამ მავნებლური მიდგომის. ახლა, ამ ბოლო დროს ვხედავთ საერთოდ ისტერიასა და ზღვარგადასულ შეურაცხყოფას იგივე თუნდაც ქართული ღვინისა და მეღვინეობის მიმართ, რაც არის ჩვენი კულტურისა და იდენტობის ნაწილი.

რა თქმა უნდა, აღშფოთებული ვართ ამით და დარწმუნებული ვართ, რომ უბრალო ადამიანი ხედავს ამას ყველაფერს, ხედავს ვინ არის პასუხისმგებლიანი მთავრობა და როგორ ვიქცევით ჩვენ ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მაქსიმალურ დაბალანსებულ მიდგომას ვიჩენთ, რათა არ დავაზარალოთ მეტად ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და კიდევ სად დგანან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არანაირ პასუხს არ აგებენ საკუთარ გამონათქვამებსა და მათ შედეგებზე, რაც უფრო მეტად პრობლემას შექმნიან მით უფრო უკეთესია მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.