თბილისში პუტინის განცხადებას პასუხობენ – "საქართველოს ისტორიით ევროპაც ამაყობს"


Картинки по запросу ზალკალიანიოფიციალური თბილისი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ისტორიული ფაქტების ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითად აფასებს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  თქმით, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა.

„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენ მსგავსი განცხადებები არაერთხელ გვსმენია, ეს ახალი არ არის, ადრეც ყოფილა და, რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. აქედან გამომდინარე, ის, რაზეც იყო საუბარი არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებებია და არასწორ კონტექსტში.

როდესაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან იწყება და  არც მე-19 საუკუნიდან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უმრავი ფაქტი არსებობს არგუმენტირებულად, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუ ჩვენ ისტორიულ წიაღსვლებში სვლა გვინდა, იმსჯელონ ამაზე და აქაც, მე ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ არის ძალიან ბევრი ფაქტი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანაა, საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ.

„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ.

როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი – საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს – ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული.

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გუშინ რუსეთის ფედერაციის ლიდერმა განაცხადა, რომ  „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარის დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი ქართული ჯარი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში“.

putin1

“საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან ურთიერთობის ისტორია, თუ მათთან ურთიერთობის დალაგება სურს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარის დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად იქცეოდა ქართული ჯარი ოსეთში 1919-1920 წლებში. ეს სწორედ ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს კარგად უნდა ახსოვდეს საქართველოს ხელისუფლებას, თუ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს”, – აღნიშნა პუტინმა.