სკოლებში გოგებაშვილის "დედა ენა" უფასოდ გაიცემა


დედაენა2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.

ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში  გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია სწორედ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში მოხდა, იქ სადაც მწერალმა 1875 წლის ზაფხულში „დედა ენის“ პირველ გამოცემაზე ხანგრძლივი მუშაობა დაასრულა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მნიშვნელოვანწილად გოგებაშვილის დამსახურებაა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის შედეგად ქართული ენის აღორძინება, ახალ თაობებში სამშობლოსა და განათლებისადმი სიყვარულის გაღვივება და ქართველი ხალხის კონსოლიდაცია.

როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრა განაცხადა, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი “დედა ენას” უფასოდ მიიღებს.

ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეიქმნა ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც, ერთი მხრივ, ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ კი, სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეფუძნა.

იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში დარჩა.