სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

9_rustavi2სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

სტრაბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოფიციალური განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც გაავრცელა.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.

image_pdfimage_print

Comments

comments