უნიკალური აღმოჩენა – უძველესი მეღვინეობის კერა საქართველოში

 

                 არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოაშენა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვერის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია.

ეს ის პერიოდია, როდესაც  საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე.   იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა, ჩნდება პირველი მეურნეობის ნიშნები, იწყებენ ცხოველების მოშინაურებას და ა.შ.

სამუშაოების შედეგად გამოვლინდა საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავების  და პალეო-ბოტანიკური კვლევის შედეგები კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენეხეობის კულტურის შესახებ.

2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“  ერთობლივი საერთაშორისო პროექტი ,,ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ლაბორატორიული შესწავლა, არქეოლოგიური მასალის ბიოქიმიური კვლევა, ასევე ნიადაგურ-კლიმატური და გენეტიკური რესურსების შესწავლა-დახასიათება და სხვა.

ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელიასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერი ლევან დავითაშვილი, ხოლო კოორდინატორი დავით მაღრაძე.

აღსანიშნავია, რომ  პროექტის შესახებ ამერიკელმა მწერალმა და ჟურნალისტმა პოლ სალოპეკმა „National Geographic”-ში ახლახანს გამოაქვეყნა სტატია “Ghost of the Vine – In Georgia, science probes the roots of winemaking“.

image_pdfimage_print

Comments

comments