კახეთში  11 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული


ყურწენი vino  venahiღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე რთველის მიმდინარეობას სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გაეცნო და  რამდენიმე ისეთ მცირე მარანს ესტუმრა, რომლებიც ახლა იწყებენ ღვინის წარმოებასა და ბაზარზე რეალიზაციას.

დავით ტყემალაძის განცხადებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით მცირე მარნების რაოდენობა კახეთის რეგიონში ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა და ამჟამად მარტო კახეთში 500-ზე მეტს ითვლის, რაც მიანიშნებს, რომ მეღვინეობის ინდუსტრია სწორი მიმართულებით ვითარდება, ევროპის განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების მაგალითზე.

„2019 წლის ივნისის ბოლოდან განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირებას და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინს კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა, ამის მიუხედავად, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მეღვინეობის ინდუსტრიასთან ერთად იმუშავა, რომ მოსახლეობას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნოდა და რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე დაწყებულიყო. რთველი კახეთში პიკურ ფაზას დაახლოებით ერთ კვირაში მიაღწევს“, – აღნიშნა დავით ტყემალაძემ.

წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ამჟამად გადამუშავებულია 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენი.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში „ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.