რაღა უნიჭო ოროსნების როლი არჩიეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა და არა ბრძენი მოჭადრაკეებისა?

Картинки по запросу шахматыბახტაძე წავიდა, გახარია მოვიდა, უფრო სწორედ,  ერთი სავრძლიდან მეორეში გადმოჯდა. მინისტრთა კაბინეტი ვითომდა  შეიცვალა. „ქართული ოცნება“  გადამწყვეტ ნაბიჯებს მაინც არ დგამს. მრავალი საყვედურის შემდეგ ძლივს აღიარა, რომ კოჰაბიტაცია შეცდომა იყო, მაგრამ იმის იქით საქმე არ წასულა.

მმართველი გუნდის „გააქტიურების“  შემყურე ნაციონალებმა  შეხვედრები და კონსულტაციები განაახლეს  აშშ–ს ჩინოსნებთან. ამერიკელებთან შეხმატკბილებულ ურთიერთობას გემო „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა  დაუმლაშა . დევით კრამერთან დაპირისპირების შემდეგ ირმა ინაშვილი  აშშ–ს საელჩოსთან აქციის ჩატარებას გეგმავს, რათა უთხრას ამერიკას , რომ „საქართველო აშშ–ს კოლონია არ არის“.

ამერიკაში აღშფოთდნენ, არ ეპიტნავათ სააკშვილის ძმაკაცობა და განაცხადეს, რომ მათი მიუკერძოებელი ქვეყანა  საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარია.

„ევრონაცების“ შურის ციებ–ცხელებამ არ გადაუარა,  ყოველწამს რაღაც ინიციატივებს აანონსებენ. ძველი ქოთნივით დალეწილ  პარტიას ვერ მოუყარეს თავი და დანარჩენ ოპოზიციურ ჯგუფებს მოუწოდებენ გაერთიანებისკენ?!

ტრადიციულად,  „ნაცების“  ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ არენაზე ჩნდება „ლეიბორისტული პარტია“ და არანაკლებ „გულანთებული“, თუმცა უტოპისტური  ქმედებებს უწევს პროპაგანდას. დანარჩენი ოპოზიციური პლანქტონი მაყურებლის როლს ამჯობინებს და პოლიტიკურ ბატალიებში არ ერთვება.

საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო ძლიერი საჭადრაკო სკოლით, ნიჭიერი მოთამაშეები ოსტატურად ამარცხებდნენ მოწინააღმდეგეს საერთაშორისო ტურნირებზე. დღესაც გრძელდება ეს საამაყო ტრადიცია.

Картинки по запросу шахматы

კითხვა მაქვს მკითხველთან – რაღა უნიჭო, ლაზაღანდარა ოროსნების როლი არჩიეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა და არა დაკვირვებული, ბრძენი მოჭადრაკეებისა? რომ ჰკითხო, ყველა იულიუს ცეზარზე ნაკლები არაა, დაფნის გვირგვინი აკლიათ მხოლოდ.

იმის მაგივრად რომ ქვეყანა ფეხზე დააყენონ,  გრძელვადიანი სტრატეგიები დაგეგმონ და ქმედითი ნაბიჯები გადადგან, დროს წელავენ, კანონებს სათვისოდ ირგებენ და კაპიტალს აგროვებენ, უზრუნველი ცხოვრებაც უნდათ და გარანტირებული მაძღარი სიბერე.

28 წელია რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. შედეგი? დაკარგული ტერიტორიები, არასტაბილური ეკონომიკა, იმიგრაციის დიდი ტალღა და სრული დემოგრაფიული კატასტროფა…

რას მივაღწიეთ ამ პერიოდში? უზარმაზარ საგარეო ვალს, უმუშევრობას, განათლების სიტემის მოშლას და ა.შ.  კი ბატონო, ბევრი რამ აშენდა კიდეც – მრავარსართულიანი კორპუსები ყოველ ნაბიჯზე, უთვალავი ბანკები, ლომბარდები, ტოტალიზატორები…

ოჰ, კიდევ ტურისტების დიდი ნაკადი , რომელსაც  ბრჭყიალა ქაღალდში გახვეულ  საქართველოს  თვალთმაქცურად ვაცნობთ…

ყელში ამოვიდა ყოველი მთავრობის ტრაბახი, ქვეყანაში ტურისტები შემოვიყვანეთ, უმადურებოო. იმ ტურისტებს ჩვენი დაქცეული აგროსექტორი 50 %–ითაც რომ ვერ უზრუნველყოფს საკვებით და თურქეთიდან შემოტანილი ხილ–ბოსტნეულით ვუმასპინძლდებით, რა ქვია ამას? ტურისტების მიერ დატოვებული ფული სხვას ვაძლევთ და რანაირად აშენდება ჩვენი ეკონომიკა?

ეკონომიკაზე  ხაზარაძე გამახსენდა – კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირიო.  ახლა გაეხილა თვალი და დაინახა, რომ ქვეყანას პრობლემები აქვს. უკვირს, საბრალოს, სპეციალისტების ნაკლებობა. აქამდე სად იყოო, იტყვის ვინმე და ყველამ კარგად ვიცით – აქ იყო და თავის სასარგებლოდ იღვწოდა, ანვითარებდა „წარმატების ფორმულას“.

2019 წელი, უცნაური წელი დადგა. შეცდომების რთველს ველოდი მისგან, ის კი ჩქაროსნულ მატარებლად იქცა, რომელშიც „პატარა კაცუნებს“, მედროვეებს სურთ  შეხტომა და კარგი ადგილის დაკავება. მსურველი მრავლადაა და როგორ დაეტევიან ამ მცირე პლატფორმაზე, დრო გვიჩვენებს…

ალექსანდრე მგალობლიშვილი

premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments