სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული გადამზადებისთვის რეგისტრაცია 20 სექტემბერს სრულდება

Картинки по запросу jobსოციალური მომსახურების სააგენტო „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის”  მორიგ ეტაპს იწყებს. რეგისტრაცია 12 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება  1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს.  მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება.

მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც  41 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა.  მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი,  შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებპროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი და სხვ.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ.

უწყების ცნობით, მოკლევადიანი კურსების გავლა,  საქართველოს მასშტაბით,  24, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია  შესაძლებელი.

სამუშაოს მაძიებელმა,  რეგისტრაციისთვის, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად,  სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს. სწავლის დასაფინანსებლად  სპეციალურ ვაუჩერებსაც  სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ.

კურსების გავლის მსურველთა სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს   დაიწყება.

image_pdfimage_print

Comments

comments